გერმანია

ბერლინში პრაიდზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ მოკლა

ბერლინის სენატის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, 26 ივლისის ღამით ბერლინში პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ მოკლა.

ბერლინის პოლიციის განცხადების მიხედვით, ეჭვმიტანილი შპანდაუს ბაღში სამართალდამცავებს ცივი იარაღით ესხმოდა თავს, რის შემდეგაც მას პოლიციამ ესროლა. ბრალდებული მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე მოკვდა. 

სამართალდამცავები თავდასხმას ისლამისტურ ტერაქტად აფასებენ. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ექსტრემისტულ ისლამისტურ წრეებთან კავშირის მქონე გერმანიის მოქალაქე, აბდულ ბალუტი იყო. 

სამართალდამცავების თანახმად, ბალუტმა წარსულში გერმანიის დატოვება და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში (ISIS) გაწევრიანება რამდენჯერმე სცადა. 

ბერლინის გენპროკურორის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, ბალუტი თურქეთიდან ლიბანში ჩავიდა, რათა იქიდან სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანებულიყო, თუმცა ის ლიბანის სამხედრო სასამართლომ "რელიგიური და კონფესიური კონფლიქტის გაღვივებისთვის" დააკავა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

ლიბანის ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, 2025 წლის ნოემბერში ბალუტი გერმანიის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავდაპირველად, მას ბერლინში 1 წლითა და 10 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით ვადამდე პირობით გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისის ღამით ბერლინში ყოველწლიური Christopher Street Day (CSD)-ის, იგივე პრაიდის, ღონისძიების მიმდინარეობის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, ხოლო 16 დაშავდა, მათგან რამდენიმე - მძიმედ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა თქვა, რომ მანქანით ხალხში შევარდნის შემდგომ თავდამსხმელი "ხალხს გარკვეული სახის ხმლით დაესხა", რაც "მაჩეტე შეიძლება ყოფილიყო". მისივე თქმით, ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად დაზარალებულები "სერიოზულად დაშავდნენ". 

ბერლინის CSD ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური LGBTQ+ ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათიათასობით ადამიანს იზიდავს.

კომენტარები