პარტია გახარია-საქართველოსთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელის, ეგორ კოჩიევის მიერ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
პარტიის აღმასრულებელი მდივანის, ბერდია სიჭინივას განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ჩორჩანას საგუშაგოების აღების მოთხოვნის არგუმენტად იყენებს ქართული ოცნების მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. სიჭინავამ აგრეთვე აღნიშნა, რომ პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ამ "დანაშაულებრივ პროცესში."
"გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრისას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, თითქოს ჩორჩანა წარმოადგენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, რითაც პირდაპირ დაადასტურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს, რასაც გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის - კოჩიევის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომის აღიარების ლოგიკური გაგრძელება - მისი მოხსნა იქნება, რის არგუმენტადაც მოჰყავს ოცნების რეჟიმისა და მისი პროკურატურის მიერ, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების ფაქტი. ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ ოცნების რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, ოცნება ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაზიანება არცერთ შემთხვევაში არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა პირი, ვინც ამ დანაშაულებრივ პროცესში არის ჩართული აგებს ისტორიულ და სამართლებრივ პასუხს ამ ქვეყნის წინაშე." - თქვა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი გახარიას აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.





