პრესსამსახურის ცნობით, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ პრინციპებს შორის, რომლებიც საქართველოსა და ჩინეთს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. კობახიძის თქმით, ჩინეთი ამ მხრივ წარმოადგენს სანიმუშო ქვაყანას.
"ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობის და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის.
თქვენ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლისთავს აღნიშნავთ და დღევანდელი საღამო იძლევა შესაძლებლობას, აღვნიშნოთ თავდაცვის ძალების როლი და მნიშვნელობა ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად. პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს არსებითი წვლილი შეაქვს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, რაც ქვეყნებს აძლევს მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებას.
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - თქვა კობახიძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ისინი აფასებენ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება.
"ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია. დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუ ციენს. თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




