ივანიშვილის დეპუტატი, ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. ტაბატაძე იმ პერიოდში, 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
როგორც ტაბატაძემ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას "უსაფრთხოების სამსახური არ ეთანხმებოდა იმიტომ, რომ არ იყო შესაბამისი კოორდინაცია".
"აქ იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ეტაპები. შეთანხმებულიც იყო, რომ გზის გარკვეული ნაწილი უნდა მოწესრიგებულიყო.
[...]
მე გავიგე იმის მერე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმართებოდა თუნდაც უფროსთან შეკრებები და ვნახეთ, რომ იქ მდგომარეობა დაიძაბა, სეპარატისტულმა რეჟიმმა რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მერე იყო ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს და ა.შ. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო.
[...]
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება არ არის პანაცეა, რომ გინდა თუ არა ყველაფერზე უნდა შეიკრიბოს საბჭო. რაც საჭიროა ის გაკეთდა და მთავარი, არის ის, რომ ჩვენ ავიცილეთ საშიშროება, რომ არ მომხდარიყო ცეცხლის გახსნა" . - განაცხადა ტაბატაძემ.
14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.
გომელაური ამ პერიოდში სუს-ის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან ერთად, გიორგი გახარია თეა წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.





