პარტია გახარია საქართველოსთვის ბრიფინგით გამოეხმაურა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მოლაპარაკებებში ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართული ოცნების განცხადებების ფონზე იმედოვნებს, რომ საქართველო ჩორჩანადან საგუშაგოს აიღებს.
პარტიის განცხადებით, "ოკუპანტისთვის ბოდიშის მომხდელი, გიორგი ანწუხელიძის გმირობის გამაუფასურებელი, საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაწყების დამბრალებელი ოცნება, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში ამხილა".
პარტია ქართული მხარისგან IPRM-ის შეხვედრის შესახებ განმატებებს მოითხოვს.
"ოცნების მხრიდან ჩორჩანას საკითხზე გამოძიების დაწყება და საგუშაგოს განთავსებისთვის დანაშაულის დარქმევა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის, როგორც თავად განმარტავენ, აჩენს პოლიტიკურ-სამართლებრივ საფუძვლებსა და სერიოზულ იმედებს, რომ მოხდება საგუშაგოს დემონტაჟი და ქართული მიწის ეს ნაწილიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლქვეშ მოექცევა, რასაც ისინი უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას უწოდებენ.
კიდევ ერთხელ დადასტურდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩორჩანაში გიორგი გახარია იცავდა ქართულ მიწას, მის წინააღმდეგ შეთითხნილი 20 წლიანი საქმით კი ოცნება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებში მოქმედებს.
მოვითხოვთ, კონკრეტულ განმარტებებს, რომ ქართული საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე გამართული შეხვედრის შესახებ, ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოხატულ პრეტენზიებსა და ჩვენი მხარის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით". - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
2 სექტემბერს ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე მისი კომისიის ანგარიშის წარდგენის დროს გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წელს საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს შესახებ ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, კომისიის მუშაობის დროს დადგინდა, რომ გახარიას მიერ "ერთპიროვნულად მიღებული" გადაწყვეტილების შედეგად "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დაირღვა".





