EU-ს მაკროფინანსური დახმარება

კაკაურიძე EU-ს დახმარებაზე: იყო რისკი, რომ თანხა ისედაც არ ჩამოირიცხებოდა

საქართველოს მთავრობა

ფინანასთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო მოსმენაზე ევროკავშირის 75-მილიონიან მაკროფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა. კაკაურიძის თქმით, ეს თანხა მიბმული იყო რეფორმების შესრულებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სასამართლო სისტემის რეფორმა. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართ ევროკავშირს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, არსებობდა რისკი, რომ თანხა ისედაც არ ჩამოირიცხებოდა და სწორედ ამიტომ ითქვა მასზე უარი.

"ევროკავშირის თანხა იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოყვებოდა რეფორმებს, დაახლოებით, 10 თუ 12 სხვადასხვა მიმართულების რეფორმა იყო ჩამოთვლილი და ყველა მათგანი არის შესრულებული, დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, მე სასამართლო სისტემის შემფასებლად არ გამოვდგები, მაგრამ აქაური ექსპერტები თვლიან, რომ რაც ხელშეკრულებაში ეწერა, შესრულდა, თუმცა მეორე მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული.

ამ ევროკავშირი სესხს, დახმარება არაა, პირობები კარგი აქვს ნამდვილად, თუმცა არის სესხი და ეს თანხა დასაბრუნებელია, პირობების კუთხით კი, ბევრ სესხთან მიმართებაში უკეთესია. 

ევროკავშირთანაც გვქონდა კომუნიკაცია და მათი ჩართულობით, წმინდად ეკონომიკური და ფინანსთა სამინისტროს ნაწილი რაც იყო, ყველა რეფორმა განხორციელდა, დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა, ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ ამ სესხს რაღაც პრობლემა შეიძლება ჰქონოდა, შესაბამისად, როცა უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, თუ რომელ სესხზე გვეთქვა უარი, ვთქვით ისეთ სესხსზე, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა", -  თქვა კაკაურიძემ.

კაკაურიძის თქმით, ამგვარი შემთხვევა მანამდეც ყოფილა, რომ გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო გრანტის ნაწილი ვერ მიგვიღია და ეს ქვეყნისთვის საზიანოა, რადგან ვკარგავთ თანხასაც და რეფორმაც ბოლომდე ვერ მიგვყავს. 

"ევროკავშირის ეს დახმარება და ზოგადად, მაკროფინანსური, რეფორმებზე დაფუძნებული ფინანსური ხელშეკრულებები, ნაწილობრიც გრანტი და ნაწილობრივ სესხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, ყოფილა მანამდეც, რომ გრანტის ნაწილი ვერ მიგვიღია გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომაც, რომ ის რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლომდე", - თქვა კაკაურიძემ.

31 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილს არ მიიღებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილება "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ახსნა. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს. 

თუმცა, იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდა - მიზეზი კი საქართველოს მიერ დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შეუსრულებლობაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, EU-ს დახმარებაზე მთავრობის განცხადება მოულოდნელია და ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს. ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების დღის წესრიგს დაემშვიდობა და "შეუძლებელია, უარი თქვა იმაზე, რაც არ გეკუთვნოდა". ანდიუს კუბილიუსის შეფასებით კი ქართველ ხალხს ევროკავშირის დახმარება სჭირდება, თუმცა ქართულმა ოცნებამ მასზე უარი თქვა, რადგან ესმის, რომ დახმარებას ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი კი წერს, რომ უარის თქმა საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორების სტრატეგიის ნაწილია.    


2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა. 

ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და დაწერა, რომ შეხვედრაზე რეფორმების საჭიროება ხაზგასმით აღნიშნა - "მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია".

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

 

კომენტარები