ავღანეთი

თალიბანი წევრებს წესიერად მოქცევასა და ფოტოების გადაღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თალიბები ქაბულის გასართობ პარკში, 2021 წლის სექტემბერი
The Wall Street Journal

ქაბულის დაცემის შემდეგ, დედაქალაქში თავი მოიყარა ათასობით ახალგაზრდა თალიბმა, რომლებიც დიდ ქალაქებში აქამდე არასდროს ყოფილან ნამყოფი. თალიბანის რიგითი წევრები, როდესაც მოვალეობის შესრულება არ უწევთ, ათვალიერებენ დედაქალაქს, აწყობენ პიკნიკებს და გასართობ პარკებში დადიან. ქაბულის დასათვალიერებლად მებრძოლები სხვა რეგიონებიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმდენად ერთობოდნენ, რომ თალიბანის ლიდერებმა მკაცრი გაფრთხილება გამოსცეს, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს.

ქაბულში რიგითი თალიბების გასართობი ადგილებია: კარღას ტბა, სადაც გედის ფორმის ნავებია, ზოოპარკი და ვაზირ აკბარ ხანის რაიონი, რომელიც მაღლობზეა და მწვანე ველიდან მთელი ქალაქის ხედი ჩანს. 

"მე აქ ვიპარებოდი ხოლმე, რათა ინფორმაცია მომეპოვებინა, ან იმ ადამიანებისთვის მესროლა, ვინც ჩვენი სამიზნე იყო. მიხარია, რომ ახლა აქ ხალხი მშვიდობიანი ცხოვრებით ტკბება", – ამბობს WSJ-სთან ნავით გასეირნების რიგში მდგარი შაფიულა მასუდი, 24 წლის თალიბი ვარდაკის პროვინციიდან.

ახალგაზრდა თალიბების ასეთი ქცევით უკმაყოფილოა მოლა მუჰამედ იაკუბი, თალიბანის დამაარსებლის, მოლა ომარის შვილი და ამჟამად თავდაცვის მინისტრი. მან თალიბებს აუკრძალა ღირშესანიშნაობებისა და სამთავრობო შენობების დათვალიერება, დიდ ჯგუფებად გართობა, უმიზნო სეირნობა ბაზრებსა და ქაბულის აეროპორტში. 

"თქვენს დავალებებს მიხედეთ, ამისთვის განგაწესეს. ჩვენს რეპუტაციას ლახავთ, რომელიც წამებულთა სისხლით შეიქმნა", – თქვა მოლა იაკუბმა აუდიომიმართვაში.

მოლა იაკუბი მებრძოლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბევრი სელფის გადაღებისგან, განსაკუთრებით თალიბანის ლიდერებთან. ის შეწუხებულია ფაქტით, რომ ლიდერების დანახვისას, ხშირად, რიგითი თალიბები მათთან მიდიან და ფოტოებს იღებენ, რაც იაკუბის აზრით, ფოტოების გავრცელებითა და მათი ლოკაციის გათქმით, უსაფრთხოების პრობლემებს აჩენს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები