ავღანეთი

მშვიდობით უკმაყოფილო თალიბები წუხან, რომ ბრძოლაში გმირულად სიკვდილის შანსი არ მიეცათ

თალიბი მებრძოლები
Business Insider

25-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ავღანეთის ხელისუფლებაში მოსულ თალიბებს ახალი მოვალეობა, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა დაევალათ, რასაც მებრძოლთა ნაწილი აპროტესტებს და უკმაყოფილებას გამოხატავს

სამხედრო დანაყოფების მეთაურების თქმით, თალიბები მწუხარებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლაში გმირულად დაღუპვისა და სამოთხეში მოხვედრის შანსი არ მიეცათ და ისეთი "მარტივი და მოსაწყენი" მოვალეობის შესრულება უწევთ, როგორიც უსაფრთხოების დაცვაა. 

"თალიბებს ჯიჰადი და ბრძოლა უყვართ. როცა ქაბულში მოვედით, სამხედროებმა თავი არაკომფორტულად იგრძნეს, რადგან მათ აღარ უწევდათ ბრძოლა. ჩემი დანაყოფის მებრძოლების დიდი ნაწილი წუხს, რომ მათ საკუთარი სიცოცხლის ომში შეწირვის საშუალება არ მიეცათ. მე მათ ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ ჯერ კიდევ აქვთ შანსი გახდნენ მოწამეები". – ამბობს რაზმის მეთაური, აბდულრაჰმან ნაფიზი. 

მებრძოლთა მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს თალიბანის ოფიციალური სპიკერი, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი. მისი თქმით, თალიბებს კანონისა და უსაფრთხოების დაცვის გამოცდილება არ აქვთ, მათ არ იციან როგორ გაუმკლავდნენ სამოქალაქო პროტესტსა და დემონსტრაციებს. 

მუჯაჰიდის პოზიციას ამყარებს ის ფაქტი, რომ თალიბმა მებრძოლებმა დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად და დასაშინებლად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლი გახსნეს

"წამების მაძიებლებს განსხვავებული უნარები და გამოცდილება აქვთ. ზოგი მათგანი გაწვრთნილია ნაღმების გამოყენებაში, სამხედრო ტექნიკის აფეთქებაში, მკვლელობასა თუ თვითმკვლელობაში, ზოგიერთი ფრონტის წინა ხაზის მებრძოლია. თუმცა, ისინი სამართალდამცავები არ არიან, მათ ამის გამოცდილება არ აქვთ". – ამბობს თალიბი სამხედრო. 

ავღანეთის ახალი მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თალიბი მებრძოლები მეწამეობრივ მისიას გვერდზე გადადებენ და მორჩილად აღასრულებენ ხელისუფლების ბრძანებებს ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის შესახებ. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები