ავღანეთი

ავღანეთის გაქცეული პრეზიდენტი: ბოდიშს ვუხდი ავღანელ ხალხს

აშრაფ ღანი
CNN

ავღანეთის გაქცეული პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ავღანელ ხალხს ბოდიშს უხდის. მან განცხადება საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ღანის თქმით, მისი განზრახვა ხალხის მიტოვება არ ყოფილა. 

"ავღანელი ხალხის მიმართ მაქვს ვალდებულება, ავუხსნა 15 აგვისტოს ქაბულის ნაჩქარევი დატოვების შესახებ, როდესაც ქალაქში თალიბანი მოულოდნელად შემოვიდა. მე სასახლის დაცვის თხოვნის საფუძველზე დავტოვე [დედაქალაქი], მათი რჩევების მიხედვით, რომ დავრჩენილიავი, ეს გაზრდიდა ქუჩებში ისეთი ბრძოლის დაწყების საფრთხეს, როგორიც ქალაქში 1990-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს მიმდინარეობდა. ქაბულის დატოვება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე მჯეროდა, რომ ეს იყო თოფების გაჩუმებისა და ქაბულის 6 მილიონი მცხოვრების გადარჩენის ერთადერთი გზა. ჩემი ცხოვრების 20 წელი დავუთმე ავღანელი ხალხისთვის დახმარებას, რათა აშენებულიყო დემოკრატიული, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო – ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა ხალხის, ან ამ ხედვის მიტოვება", – ამბობს აშრაფ ღანი. 

აშრაფ ღანი გამოქვეყნებულ წერილში უარყოფს, რომ მან ქაბული დიდი ქონებით დატოვა, რომელიც ბიუჯეტიდან იყო აღებული. მისი თქმით, ის მზადაა გამოაქვეყნოს საკუთარი, ასევე თავისი ცოლის ქონების აღრიცხვა და დაიწყოს გაეროს გამოძიება საკითხთან დაკავშირებით. 

აშრაფ ღანი, ფულის მითვისების ბრალდებასთან დაკავშირებით, კორუფციის პრობლემასაც შეეხო.

"კორუფცია არის ჭირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში ასუსტებდა. კორუფციასთან ბრძოლის მცდელობები ჩემი პრეზიდენტობის დროს ფოკუსის ცენტრში იყო. მე მემკვიდრეობით მერგო მონსტრი, რომელიც მარტივად და მალე ვერ დამარცხდებოდა", – ამბობს ღანი.

"უდიდესად ვაფასებ და პატივს ვცემ ყველა ავღანელის გაღებულ მსხვერპლს, განსაკუთრებით, ბოლო 40 წელში, ჩვენი ავღანელი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების. ღრმად და ძლიერ სამწუხაროა, რომ ჩემი ტომი, ჩემი წინამორბედების მსგავსი ტრაგედიით დასრულდა – სტაბილურობისა და აღორძინების გარანტიის გარეშე. ბოდიშს ვუხდი ავღანელ ხალხს, რომ სხვანაირად ვერ დავასრულე. ჩემი თავდადება ავღანელი ხალხის მიმართ არასდროს დაკნინებულა და სიცოცხლის ბოლომდე გამიძღვება". – ამბობს აშრაფ ღანი წერილის დასასრულში. 

აშრაფ ღანიმ ქაბული 15 აგვისტოს დატოვა, როდესაც თალიბანის ძალები დედაქალაქში შევიდნენ. ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები