ავღანეთი

ქაბულში თალიბების საზეიმო სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა 

ქაბულში თალიბი მებრძოლების მიერ საზეიმოდ ჰაერში უკონტროლო სროლას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 50-ზე მეტი.  

Reuters-ის ცნობით, თალიბები პანჯშირში მიღწეულ წარმატებას და ავღანეთზე სრული კონტროლის მოპოვებას აღნიშნავდნენ. 

გარდა დედაქალაქისა, საზეიმო სროლას მსხვერპლი მოჰყვა ავღანეთის სხვა რეგიონებშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანგარჰარის პროვინციაში ბრმა ტყვიით სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა. 

ჰაერში უკონტროლოდ სროლის ფაქტს თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის მიერ კრიტიკა მოჰყვა. 

"თავი აარიდეთ ჰაერში სროლას, ამის ნაცვლად ღმერთს მადლობა გადაუხადეთ. ტყვიებმა, შესაძლოა, მოსახლეობა დააზიანოს, ამიტომ უმიზეზოდ ნუ ისვრით". – თქვა მუჯაჰიდმა

პანჯშირი ავღანეთის უკანასკნელი რეგიონია, რომელზეც სრული კონტროლი თალიბანს ჯერაც არ მოუპოვებია და სადაც ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტია გამაგრებული. 

წინააღმდეგობის ფრონტი პროვინციის დამარცხებას უარყოფს და თალიბანის ზეიმს ნაადრევს უწოდებს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები