ავღანეთი

WP: აშშ-ს დაზვერვის დირექტორი თალიბანის ერთ-ერთ ლიდერსა და დამაარსებელს შეხვდა

უილიამ ბარნსი და მოლა აბდულ ღანი ბარადარი

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი ორშაბათს, 23 აგვისტოს, ქაბულში საიდუმლოდ შეხვდა თალიბანის ფაქტობრივ ლიდერსა და ერთ-ერთ დამაარსებელს, მოლა აბდულ ღანი ბარადარს.

გამოცემას ინფორმაცია საკითხთან ახლოს მყოფმა პირებმა ანონიმურად მიაწოდეს.

უილიამ ბარნსი, გარდა იმისა, რომ აშშ-ს დაზვერვის უმაღლესი წარმომადგენელია, ის გამოცდილი დიპლომატიც არის. დროის სხვადასხვა მონაკვეთებში ბარნსს ეკავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და რუსეთში აშშ-ს ელჩის თანამდებობები. 

მოლა აბდულ ღანი ბარადარი თალიბანის დაარსებაში ეხმარებოდა მოლა ომარს, რომელიც დაჯგუფებისთვის დღემდე საკულტო პიროვნებაა. ბარადარი უძღვებოდა თალიბანის აშშ-სთან მოლაპარაკების დიპლომატიურ მისიას. ეს მოლა ბარადარისთვის ამერიკელ მაღალჩინოსნებთან პირველი შემთხვევა არ არის. 2020 წელს, აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს ის ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. 

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეხვედრის განხილვის თემა, შესაძლოა, აშშ-ს ავღანეთის დატოვების ბოლო ვადასთან, 31 აგვისტოსთან და ასევე ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებით ყოფილიყო. 

ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, გადაწიოს თუ არა ავღანეთის დატოვების ბოლო ვადა. ბოლო ვადის გადაწევას წითელი ხაზი უწოდა თალიბანის ერთ-ერთმა სპიკერმა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები