საქართველოს დიპლომატიის აკადემია

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საგარეოს პრესსამსახური ავრცელებს.

"თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

2022 წლიდან გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში". - წერია განცხადებაში.

თამარ ბერუჩაშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოხსნა, 2014 წლის ნოემბერში თანამდებობა დატოვა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც.

ფანჯიკიძის გადადგომის შემდეგ ბერუჩაშვილმაც დატოვა თანამდებობა და თქვა, რომ "საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია". თუმცა, მეორე დღეს, ბერუჩაშვილმა გადაიფიქრა და აღნიშნა, რომ პრემიერთან საუბრის შემდეგ, პოსტზე დარჩენა გადაწყვიტა. მან განმარტა, რომ მისი განცხადება ქვეყნის ევროპული კურსის საფრთხის შესახებ "ემოციური და სოლიდარული გაუგებრობა" იყო.

ცნობისთვის, ქართულ ოცნებას ცვლილებები შეაქვს დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება, რომელიც განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს.

კომენტარები