ავღანეთი

თალიბანი აშშ-ს დატოვების ვადის გადაწევის შესაძლებლობაზე: წითელი ხაზია, რეაქცია მოჰყვება

სუჰაილ შაჰინი

თალიბანის ერთ-ერთმა სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა აშშ-ს მიერ ავღანეთის სრულად დატოვების ბოლო ვადის გადადების შესაძლებლობაზე ისაუბრა და ამას მან წითელი ხაზი უწოდა. ამჟამად ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

აქამდე, ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის ავღანეთის დატოვების ბოლო ვადის გადაწევის თხოვნას აპირებს.

"თუკი ბოლო ვადას გადაწევენ, ესე იგი ოკუპაციასაც განაგრძობენ. თუკი ოკუპაციის გაგრძელება აქვთ განზრახული, ამას რეაქცია მოჰყვება". – თქვა სუჰაილ შაჰინმა.

აქამდე ბაიდენმა თქვა, ის იმედოვნებდა, რომ ბოლო ვადის გადაწევა არ მოუწევდათ. ასევე, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა –  "თუკი იქ ამერიკის მოქალაქეები კიდევ არიან, იქამდე დავრჩებით, ვიდრე ყველას არ გამოვიყვანთ".


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები