შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კობახიძე: არათუ არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, მომავალში მსგავს შეთანხმებას შევუერთდეთ

საერთაშორისო პარტნიორებისა და დიპლომატიური კორპუსის დაჟინებული მოწოდებების მიუხედავად, ქართული ოცნება არ აპირებს, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელიც პარტიამ 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა.

პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ასეთ შეთანხმებებს "კონსტიტუციური ჩარჩოდან გადახვევას" უწოდებს და სახელმწიფოზე ზრუნვის მოტივით ამბობს, რომ მსგავს შეთანხმებას სახელისუფლებო პარტია ხელს აღარ მოაწერს მიუხედავად იმისა, რამდენად ღრმა კრიზისში იქნება ქვეყანა. 

"მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ბუნებრივია, ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით და არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთხელ მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ, ბუნებრივია, ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა, თუნდაც დროებით, კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდეს". – ამბობს ირაკლი კობახიძე. 


ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები