თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას საქმის განხილვა გაიმართა. სხდომა მოსამართლე ლელა გოგიშვილმა დახურა, დარბაზი დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც.
დღევანდელ სხოდმაზე სიგუამ მისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა. სხდომა გადაიდო, სასამართლოს ორდერის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
სხოდმის დაწყების წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მომჩივანმა - სიგუას ცოლმა, სოფიო სიგუა-შატბერავამ, მან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის განცხადებაზე ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ სოფიო სიგუას მიზანია "მიიღოს, რაც შეიძლება დიდი ოდენობით ფულადი თანხები. მისი მიზანია მიიღოს რაც შეიძლება ბევრი უძრავი ქონება".
როგორც სოფიო სიგუა-შატბერავა ამბობს, ქონებრივ დავაზე მას საჩივარი არ შეუტანია, მათი ქონება თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი და 50/50-ზეა. მისი თქმით, ქონებაზე განცხადებებით, ადვოკატი "დანაშაულის გადაფარვის მიზნით" აპელირებს.
"ვინაიდან და რადგანაც, გაუკეთეს მას სამაჯური, ახლა უკვე სამაჯურის გაუქმება მოითხოვა მან, რაზეც უარი მიიღო, არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. ახლა უბრალოდ ითხოვს შემაკავებლის [ორდერის] გაუქმებას, მაგრამ ეს არის ალოგიკური, რადგან ეს სამაჯური არის გამოწვეული შემაკავებელი ორდერისგან, არ ვიცი ეს მოთხოვნა რამდენად ლეგიტიმურია. [...] ყოველთვის ჩემს უკან არის, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთან დგას, გავიხედავ - არის. ამის ფოტო და ვიდეომასალაც არის [საქმეში], ადევნებულია. [...]
მე არანაირი [ქონებრივი] დავა არ დამიწყია, არ არსებობს არანაირი ჩემი საჩივარი, ეგ ყველაფერი არის თავისი დანაშაულის გადაფარვის მიზნით. პირიქით, თვითონ დაიწყო დავა დედაჩემის წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ არა, დედაჩემის წინააღმდეგ. ეს არის ჩემი ბიზნესი, [სიგუას] ადვოკატი აპელირებს, რომ დანაშუალის გადაფარვის მიზნით, გადაიტანონ აქცენტი ქონებაზე, თუმცაღა ჩვენ ყველაფერი გვაქვს თანაცხოვრებაში შეძენილი, აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, იმიტომ, რომ ისედაც 50/50-ზეა. ეს არის სრული აბსურდი" - განაცხადა სოფია სიგუა-შატბერავამ.
საქმესთან დაკავშირებით ინტერპრესნიუსთან მოკლე კომენტარი გააკეთა იოსებ სიგუამაც. "რა უნდა გითხრათ, ამდენი აბსურდი... ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით" - თქვა მან.
სხდომის დასრულების შემდეგ სოფიო სიგუა-შატბერავამ განაცხადა, რომ იოსებ სიგუამ სხდომაზე "ორი ცრუ მოწმე წარმოადგინა, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან - გიორგი რუხაძედა გიორგი გიორგაძე".
"სიგუამ ერთ-ერთი უძრავი ქონება, რომელზეც მე პრეტენზია არ მქონდა, თავის მეგობარ გიორგი გიორგაძეს მაისში გადაუფორმა.
გიორგაძეს არ უნახავს მე სიგუა მირტყამდა თუ არ მირტყამდა - ის სამსახურის სამმართველოს უფროსია - მას რა უნდოდა ჩემს ოჯახში? ძალადობას ვფარავდი და როგორ ეცოდინებოდა პოლიციელს შიგნით რა ხდებოდა?
ვფიქრობ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს ამ "ქეისთან" მიმართებაში მოწმეობა საერთოდ არ ევალებათ. ჩემს ოჯახთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.
ჩემი მოთხოვნაა, რომ [იოსებ სიგუას] ჰქონდეს შემაკავებელი ორდერი და სამაჯური". - განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ ინტერპრესნიუსის ცნობით.
მისი ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული მოწმეების ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს, რადგან შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსნები არიან.
"ჩვენი პოზიცია არის, რომ არ უნდა დახურულიყო ეს პროცესი, ვინაიდან დაზარალებულმა მხარემ თვითონ მოისურვა საჯაროობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით დაცულია დაზარალებული მხარის ინტერესები. [...] ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს მოწმეები არ უნდა დაკითხულიყვნენ სასამართლო დარბაზში, ვინაიდან ისინი არ არიან შემსწრე არცერთი ძალადობრივი ფაქტის, არ წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, ისინი არიან იოსებ სიგუას მეგობრები, მეტსაც გეტყვით, პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი თანამშრომლები, მათ მიერ მიცემული ჩვენება არ იქნება ობიექტური, პირიქით და არ მგონია, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მათი ჩვენება". - განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატმა, თამარ ლუკავამ.
იოსებ სიგუას ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, სასამართლოს წარუდგინეს ათეულობით დოკუმენტი, რომელიც ასახავს, რომ რაიმე სახის "იძულებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგავარი ხასიათის ქმედებებს, ადგილი არ აქვს", რაზეც მიუთითებს სოფიო სიგუა-შატბერავა.
"პირიქით, წარდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის უკავშირდება იოსებ სიგუას, ითხოვს მასთან ერთად დროის ერთი-ერთზე გატარებას, პირად სივრცეს, ითხოვს სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში ერთად გადაადგილებას. აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილია იმ მოტივით, რათა უარყოფილ იქნეს სოფიო სიგუას მიერ დაფიქსირებული განმარტება, რომ თითქოსდა მას გააჩნდა რაიმე სახის შიშები იოსებ სიგუას მიმართ". - განაცხადა იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ.
ცნობისთვის, სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
- რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
- "აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს
- სასამართლომ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურით ზედამხედველობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა. იქამდე, სიგუა თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.
ნოდარ მელაძის შაბათთან ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ყოველთვის მემუქრებოდა - "იქნება გაუხსნელი მკვლელობა, ეგ ხომ იცი, ჩემზე უკეთ არავის გამოსდისო", მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა, კადრები მქონდა, თუმცა თვითონ წამიშალა. რაკი დღის შუქი იყო და ბევრი მეზობელი იყო, მიხვდა, რომ არასარფიანი დრო შეარჩია. მეუბნება - "წაგიყვან, კასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ" - ამბობს ქალი.
TV პირველის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იოსებ სიგუას 2026 წლის თებერვალში შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. სოფიო შატბერავა-სიგუას თქმით, ჩატარდა სასამართლო სხდომაც. ქალი ამბობს, რომ მის მეგობარ ადვოკატს შს მინისტრის მოადგილემ, რონი მესხმა დაურეკა და უთხრა, რომ საქმისთვის ხელი "არავითარ შემთხვევაში" არ უნდა მოეკიდა.
თავად რონი მესხი TV პირველთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ოჯახური კონფლიქტი აქვს ორივეს".
იოსებ სიგუას მიერ ცოლზე ძალადობის შესახებ საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია გუშინ საღამოს წერდა. მისი თქმით, სიგუას ელექტრონული სამაჯური უკვე შეაბეს, თუმცა, თავდაპირველად, შსს-ს მაღალჩინოსანს პოლიცია "ვერ პოულობდა".
იოსებ სიგუას საზოგადოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმიდანაც იცნობს - თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე რამდენჯერმე თქვა უარი.




