შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კობახიძე: რიგგარეშე არჩევნების დღის წესრიგიდან მოხსნის მერე გახარიას პარტია უფუნქციოა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ენმ და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის , რადგან, როგორც კობახიძე ამბობს, პარტია მხოლოდ ენმ-ს დასახმარებლად შეიქმნა, რათა მმართველ გუნდს არჩევნებზე 43% ვერ აეღო.

"მისი პარტია შეიქმნა ერთადერთი მიზნით - დახმარებოდა ნაცმოძრაობას რომ ქართულ ოცნებას 43% ვერ აეღო. იქიდან გამომდინარე, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, გახარიას პარტია დარჩა უფუნქციოდ და ეს აყენებს მათ მძიმე მდგომარეობაში". - ამბობს კობახიძე TV იმედის ეთერში და რიგგარეშე არჩევნების წინაპირობებზეც საუბრობს. 

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე კი არაა დამოკიდებული ვადამდელის დანიშვნა, არამედ იმაზე, "როგორ განვითარდება ქვეყნის პარტიული და პოლიტიკური სისტემა". 

"თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები მოგვცემს ჯანსაღი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების საშუალებას, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ, ნებისმიერ დროს გადავდგათ ეს ნაბიჯი, თუმცა ეს არ იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. ეს შედეგი შეიძლება იყოს 3%-დან დამთავრებული 63%-მდე. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი. განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რამდენად წაადგება ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას".- ამბობს ირაკლი კობახიძე. 


ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართულითვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები