შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კობახიძე: ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების არანაირი საჭიროება აღარ არსებობს

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შანსი, შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი მოეწერა, თუმცა მათ ეს არ ქნეს და ამით მეტი პოლარიზება გამოიწვიეს. 

"ოპოზიციურ პარტიებთან ვერანაირი მოლაპარაკების საჭიროებას ვერ ვხედავ. ჰქონდათ მათ შანსი, შემოერთებოდნენ სრულად შეთანხმებას, რომელსაც 19 აპრილს მოვაწერეთ ხელი, თუმცა ეს არ გაკეთდა. განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რითაც მათ პრაქტიკულად მოახდინეს ამ შეთანხმების ანულირება. ეს იყო მათი ნაბიჯი და, ბუნებრივია, მათმა ნაბიჯმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ასეთ ვითარებაში არანაირი საჭიროება მოლაპარაკებების აღარ არსებობს". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ენმ და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის, რომელიც, კობახიძის თქმით, იმისთვის შეიქმნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დახმარებოდა. 

კობახიძის თქმით, პარლამენტში მყოფ კონსტრუქციულ პარტიებთან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე თანამშრომლობა გაგრძელდება. 


ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები