შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ნიკა მელია: 43%-იანი რეფერენდუმი ძალაშია

"43%-იანი რეფერენდუმი ძალაშია. ვინმეს, მათ შორის, ქართულ ოცნებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 2 ოქტომბერს 43%-იან ზღვარს ახლოსაც ვერ მიუახლოვდება ქართული ოცნება და არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, რა იქნება 3 ოქტომბერს?" – თქვა თბილისის მერობის კანდიდატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში. მელიას თქმით, ქვეყნის პარტნიორების პოზიციაა, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი პრინციპი ძალაში იყოს. 

"ჩვენ ვიცით ჩვენი უცხოელი პარტნიორების პოზიცია, რომ 43%-იანი პრინციპი არის ძალაში. 115-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. შეთანხმება გაფორმდა. 2 კვირის წინ სიამოვნებით ამბობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა თამაშ გარეთ დარჩა, უხაროდა, ხელებს იფშვნეტდა ქართული ოცნება - ყველა პარტიამ მოაწერა ხელი დოკუმენტს, ნაციონალური მოძრაობა თამაშ გარეთაა, რა კარგია განადგურდებიან, მოისპობიან, აღარ იარსებებენ. დღეს, თურმე, კვლავაც აქტუალურია ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის დოკუმენტზე, ეს ყოფილა პრობლემა". – თქვა მელიამ. 

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები