შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ღარიბაშვილი: საჯაროდ მინდა დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდის მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდგომ ამავე შეთანხმების მთავარ მედიატორს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მადლობას უხდის.

პრემიერმინისტრი შარლ მიშელის შეთანხმების "დაიგნორებაში" ოპოზიციას, კერძოდ კი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს და ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ქართული ოცნება ცალმხრივად ასრულებდა.

"ჩვენ 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ. საჯაროდ მინდა დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

ამის მიუხედავად, სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინცაა დღეს, ესაა ნაციონალური მოძრაობა. სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი არჩევნებში შეადგენს 10%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული პარტიის, პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები