ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

საკადრო მიმართულებითაც გვქონდა გარკვეული ხარვეზები – კობახიძე კორუფციაზე

"შარშან, თებერვალში დავიკავე პრემიერმინისტრის თანამდებობა და შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის, საარჩევნო წელი იყო, გვქონდა უამრავი გამოწვევა, გარედან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, გვქონდა საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი დავალაგეთ" - ასე პასუხობს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე კორუციის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებების შესახებ დასმულ შეკითხვას. 

ბოლო პერიოდში, ოცნების რეჟიმმა რამდენიმე სავარაუდო კორიფციულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის ივანიშვილის მთავრობის მაღალჩინოსნებიც ფიგურურებენ. დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. 

კობახიძის განცხადებით, აღნიშნული საქმეების გამოძიებას ხელი შეუწყო მის მირ გატარებულმა "საკადრო ცვლილებებმაც".

კობახიძე ამბობს, რომ მათი მიზანი არამხოლოდ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა, არამედ მომავალში პრევენციული ღონისძიებებიც.

"შარშანდელი წელი გავიარეთ წარმატებით, რთულად, მაგრამ წარმატებით და ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ წელს ძალიან ბევრი რამ გადაგველაგებინა. მათ შორის, საკადრო კუთხით მე შეგახსენებთ, რომ არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგვცა საშუალება, რომ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა.

ასევე, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ. ჩვენი მიზანი მარტო ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ახლა არ დავუშვათ, აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები.

ამისათვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები - შსს, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერეთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება.

წარსულში რაც იყო, ის უნდა გამოვლინდეს, მომავალში არ უნდა დავუშვათ კორუფციული შემთხვევები, მაქსიმალურად ვიზრუნებთ ამისათვის". - თქვა კობახიძემ.

ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-მა 11 სექტემბერს დააკავა -ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

19 სექტემბერს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი და კიდევ 2 პირი დააკავეს.

იქამდე 27 ივლისს დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხით, 2023 წელს მართლსაწინააღდმეგო გაფლანგვის ფაქტს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა".

თავდაცვის სამინისტროს გარდა დააკავეს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანიც.  ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მუქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე იმედის ეთერში ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა.

გარდა ამისა, პროკურატურამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოვლენილია 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

კომენტარები