პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და კიდევ ორ პირს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, სასამართლოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.
ცნობისთვის, ხაინდრავასთან ერთად დაკავებულია სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავიც.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი.
გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურტურის განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე გაავრცელა.





