სუს-ის ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს.
"სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებულია ჯუანშერ ბურჭულაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და რ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ, გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვ.ღ.-მ, მინისტრის ახლო ნათესავის, ვ.მ.-ს დახმარებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში, მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 272 ლარად ღირებული აპარატი თავდაცვის სამინისტროს 3 მილიონ 940 000 ლარად მიაწოდეს, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს მილიონ 333 728 ლარის ზიანი მიადგა
ამასთან, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინა მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან, ბურჭულაძესა და მის ცოლს ამ თანხის კანონიერი წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ ფულის რეალური წარმომავლობის დამალვა-შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის ცოლსა და მესამე პირს შორის, წყნეთში მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. რეალურად კი ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო. ამასთან, დამატებით გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც. ბურჭულაძემ მილიონ 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.





