700 მილიონამდე დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.
დაცვის მხარე ბრალდებულის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თავად კოტორაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.
რაც შეეხება საქმის გარემოებებს, ბრალდების მხარის განცხადებით, 60 მილიარდამდე რუბლი ბრალდებულმა საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოიტანა.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ბრალდებული. მის საკუთრებაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს იყენებდა, როგორც კრიმინალურ ინფრასტრუქტურას, სადაც ხდებოდა დაუსაბუთებელი თანხების თავმოყრა. აღნიშნული თანხები თავის მხრივ, მოსაზღვრე ქვეყნიდან შემოტანილი იყო საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომობილებში მოწყობილი სპეციალური სამალავების გამოყენებით.
შემდგომ ეტაპზე ხდებოდა აღნიშნული თანხების კომერციულ ბანკებში მიტანა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ბრალდებული უთითებდა ყალბ ინფორმაციას თანხის წარმომავლობის თაობაზე". - განაცხადა პროკურორმა ზინიკო ქობალიამ.
პროკურორმა კომენტარში ასევე აღნიშნა, რომ "წარსულში ანალოგიურ ფაქტზე გასამართლებულია 7 პირი", თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს ანალოგიურ ფაქტში. საუბარია იგივე საქმეზე თუ სხვა მსგავსზე.
ინტერპრესნიუსის ცნობით, დღევანდელ პროცესზე გაიჟღერა საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის სახელმა. საუბარია ელდარ ხუსეინოვზე.
"მოსამართლემ განმარტა, რომ "ელდარ ხუსეინოვმა და კოტორაშვილმა განიზრახეს ფულის გათეთრება". - წერს IPN.
პროცესის შემდეგ კომნტარში პროკურორს ხუსეინოვზე არ უსაუბრია. მისი განმარტებით, მიმდინარე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებაზე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამოძიება ადრე დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულსაც ჰქონდა.
"გამოძიება დაიწყო ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა, რომ გამოძიება იყო დაწყებული, მაგრამ არ მიმალულა. ამიტომ რა აუცილებლობააა დღევანდელი დაკავების". - თქვა ადვოკატმა.
მისივე განცხადებით, მზად არიან სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებში არსებობს და ბანკებთან ურთიერთობას ეხება და დასარეგულირებელია, მზად არიან პროკურატურასთან ითანამშრომლონ.
"მოლოდინი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო იქნებოდა გამოყენებული, ნამდვილად არ გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე, როგორც ფაქტობრივად, ასევე, სამართლებრივად ძალიან საინტერესოა, ასევე მოცულობითი. ეს არ არის უბრალო რიგითი საქმე. აქ ბევრ სამართლებივ კაზუსთანაც გვაქვს საქმე.
ბევრი კითხვა არის დაგროვილი, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს სამართლებრივად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, რაც აქვს ბრალად შერაცხული, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მტკიცებულებებს, რომელიც საქმეზეა მოპოვებული. თუ ბრალი შეუსაბამოა მტკიცებულებებთან, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი დასაბუთება". - თქვა ბრალდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოვლენილია 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.





