საქართველოს პროკურატურის თანახმად, გამოვლენილია 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - თუმცა მისი ვინაობა განცხადებაში დასახელებული არ არის.
უწყების მტკიცებით, "ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი."
პროკურატურა წერს, რომ "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს" დაკავებულთან შეთანხმებით მოსაზღვრე ქვეყნებიდან დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხო ვალუტა შემოჰქონდათ, რასაც მას ვალუტის გადამცლელ პუნქტში აწოდებდნენ.
"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.
ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში." - წერია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დიდი ოდენობით ნაღდი ფულია ამოღებული.
"ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს." - წერს უწყება.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს - ბრალდება სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 2022-2024 წლებში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.





