ივანიშვილის პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე წულუკიანის კომისიას უფლებამოსილების ვადა 1 თვით, 5 აგვისტომდე გაუხანგრძლივეს.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიშის მოსმენის საფუძველზე კომისიის უფლებამოსილების ვადა უკვე ორჯერ გაახანგრძლივეს: 5 ივნისამდე და შემდეგ 2025 წლის 5 ივლისამდე.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ამასთან, 22 მაისს ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს. მოგვიანებით, მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 მაისს, გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეეფარდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსაც.
13 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა შეეფარდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.





