თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო 23 ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
"შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. ასევე, გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზე.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:
პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით;
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შემოვლას შეძლებენ რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩების, პირველი რესპუბლიკის მოედნის, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით;
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს საშუალებით;
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა - ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე გახდება ორმხრივი.
რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები - N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397, ასევე მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
უკუმიმართულებით, ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის სანაპიროების გავლით კვლავ გმირთა მოედანს დაუბრუნდებიან და ისარგებლებენ დადგენილი სქემით.
ავტობუსები N359 და N391 იმოძრავებენ გმირთა მოედნისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით; ავტობუსი N378 მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ აღარ მივა და იმოძრავებს გმირთა მოედნის მიმართულებით; N408 მიკროავტობუსი მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან დაუკავშირდება თამარ ჭოველიძის ქუჩას; მიკროავტობუსი N420 მეტროსადგურ „რუსთაველს“ აღარ გაივლის და იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს; N457 მიკროავტობუსი იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით". - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
21 ივლისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის რეალიბიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყება, ნოემბრის ბოლოს დასრულდება – კალაძე
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია რამდენჯერმე გადაიდო. კალაძემ 2026 წლის აპრილში თქვა, რომ რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა, იგივე განცხადება გააკეთა თებერვალშიც, მაშინ კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაობის ზაფხულის ბოლოს დასრულებას პროგნოზირებდა.
გასული წლის ოქტომბერში კალაძემ რაბილიტაციის დაწყება "ახალი წლების მერე" დააანონსა.
2025 წლის მარტში კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოების 2026 წელს გადატანა მოუწდევდა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც მიწის ქვემოთ "მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი" და რუსთაველის გამზირის დიდი ხნით გადაკეტვა "ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში".
2025 წლის თებერვალში კალაძე ამბობდა, რომ სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა.
თბილისის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის შესახებ თავდაპირველად, კახა კალაძემ 2023 წელს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. იგი მაშინაც ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა და 2 ეტაპად ჩატარდებოდა





