ნიკა მელიას დაკავება

შსს მელიას სამართალდამცველის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

"ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს“, - უთხრეს სამთავრობო მედიას, იმედინიუსს შსს-ში.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ცოტა ხნის წინ ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, მელია მძღოლთან და დაცვის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. მისი ცნობით, "თანმხლები პირები ამბობენ, რომ აბსოლუტურად ყაჩაღური თავდასხმა იყო, ჩამოართვეს ნივთები, გადააყენეს მანქანა, ყველას ჩამოართვეს ნივთები, ტელეფონები, ისე, რომ მანქანის რაღაც ნივთები დაზიანებულია, სარკე დაზიანებულია, ფაქტობრივად ნიკას, თან ნიკას ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, ათეულამდე ადამიანი, მათ შორის კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. საპატრულო პოლიცია გამოიყენეს იმისთვის, რომ გადაეყენებინათ მანქანა, გაეჩერებინათ და ამის მერე, ფაქტობრივად, მოიტაცეს ნიკა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით".

ადვოკატი თავიდანვე ვარაუდობდა, რომ ნიკა მელია "შესაძლოა, მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავონ, რათა ხვალ, უზრუნველყონ მისი პატიმრობაში დატოვება".

"ეს არის ჩემი ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ჰქონდა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ, როდესაც ყველაფერი არის წინასწარ დაწერილი და მოსამართლე შვანგირაძე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, არ შეჰქმნოდათ დისკომფორტი მისი, ასე ვთქვათ, სასამართლო განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით.

ალბათ, წინასწარ მოიგონეს რაღაც ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, დაკავების საფუძველი, ვინაიდან ორი პოლიციელის ჩვენება, ცრუ ჩვენების მიღება, მოგეხსენებათ, დღეს არ არის არანაირი პრობლემა. დაწერენ ახლა წინააღმდეგობა ან წვრილმანი ხულიგნობა, როგორც სჩვევიათ ხოლმე და ამის საფუძველზე 48 საათი შეუძლიათ ჰყავდეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში" - ამბობდა ადვოკატი ფორმულასთან.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები