თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მომდევნო სხდომა 4 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა.
მოსამართლე შვანგირაძის განცხადებით, ჯაფარიძემ მიზანმიმართულად არ გადაიხადა შეფარდებული გირაო.
პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა.
"თქვენ მოსამართლე არ ხართ, ასრულებთ დაკვეთას. პროკურატურა ეწევა აბსოლუტურად პოლიტიკურ დევნას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოლიგარქია დაემხობა და თქვენ მიეცემით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ გავდივართ, ნახვამდის" - მიმართა ნიკა გვარამიამ სასამართლოს.
ზურაბ ჯაფარიძემ მოსამართლეს სახაზინო ადვოკატის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა, ირაკლი შვანგირაძე, აღნიშნული არ დააკმაყოფილა და ჯაფარიძეს ადვოკატი არ გამოუყო. მისი განმარტებით ადვოკატების მიერ პროცესის დატოვება სხდომის გაჭიანურებისკენაა მიმართული.
შვანგირაძის გადაწყვეტილების შემდეგ, ჯაფარიძის დაცვის სურვილი დარბაზში მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა გამოთქვა. მისი თქმით, მას ცოტა დრო სჭირდება, რომ მასალებს გაეცნოს. შვანგირაძემ ჩომახაშვილსაც უარი უთხრა, იგივე მიზეზით - მისი აზრით, დაცვის მხარის მიზანი, პროცესის გაჭიანურებაა.
პოლიციის მობილიზება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
პოლიციამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჯაფარიძის მხარდამჭერებს არ შეუშვა. ასევე სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც კამერებით იყვნენ.
ჯაფარიძის ადვოკატები და მხარდამჭერები დარბაზის შეცვლას და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, დარბაზში მხოლოდ 15 ადამიანი ეტევა. ადვოკატებმა მოსამართლეს შესაბამისი შუამდგომლობითაც მიმართეს.
მოსამართლე შვანგირაძის განცხადებით, სასამართლოს სხვა დარბაზები დაკავებულია, უზრუნველყოფილია სხდომის საჯაროობა, შესაბამისად, მან დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა მცირე ზომის დარბაზში გაგრძელდა.
ამის შემდეგ დაცვის მხარემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა, მათი განცხადებით, შვანგირაძე საქმეს დამოუკიდებლად და მოუკერძოებლად არ განიხილავს. სასამართლომ ადვოკატების ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისა და მისი მოადგილის, სერგი ბზიშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, სწორედ ამ მიზეზით მოითხოვდა დაცვის მხარე პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვას. მათ აინტერესებდათ, რატომ არ უშვებენ ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერებს სასამართლოში.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, რომლის კომისიაზე გამოუცხადებლობის ფარგლებშიც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ, ადვოკატებს აინტერესებდათ, რატომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და არა ადმინისტრაციული, ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს ზუსტად იგივე შინაარსის 173-ე მე-3 მუხლი [ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით].
გარდა ამისა, დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა შეტყობინებაზე თეა წულუკიანის ხელმოწერის ავთენტურობაც და ის სადავოდ გახადა.
ცნობისთვის, ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
"არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე რამდენიმე კვირით ადრე ვთქვი საჯაროდ. არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ". - წერდა ჯაფარიძე ბრალის წარდგენის შემდეგ.
14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ ოქრუაშვილის მიმართ, გირაოს გადაუხდელობისთვის, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა, ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.





