რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული ახალი სანქციები საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტოპლატფორმებზეც ვრცელდება.

EU-ს წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე თითქმის ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიხედვით, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვის სიაში დამატებით 32 რუსული ბანკი, კრიპტოფირმები და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმები დაამატა.

ტაბულას EU-ს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ სანქცირებული კრიპტოფირმების სია, რომელიც 14 სუბიექტისგან შედგება, მოიცავს საქართველოში მოქმედ რამდენიმე კრიპტოპლატფორმასაც.

თავდაპირველად, ივნისის დასაწყისში, გამოცემა Financial Times წერდა, რომ ევროკავშირის მიერ მომზადებული 21-ე პაკეტი რუსეთის გარეთ მოქმედ კრიპტოკომპანიებსა და პლატფორმებსაც მოიცავდა, რომლებსაც ევროკავშირი სანქცირებული სუბიექტების მომსახურებასა და სანქციების გვერდის ავლის მხრივ დახმარების გაწევაში ადანაშაულებს.

გამოცემა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ახალ სიაში შედის 11 კრიპტოპლატფორმა ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან.

სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში EU-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი კიდევ 12 თვის განმავლობაში უცვლელი დარჩება. ამასთან, EU 200-ზე მეტ ახალ სუბიექტს ასანქცირებს, რაც ერთბაშად სანქცირებულთა სიაში დამატებული ერთეულების რეკორდული რაოდენობაა.

რუსეთის წინააღმდეგ ახალ პაკეტზე შეთანხმების ვერ მიღწევის მთავარი მიზეზი საბერძნეთი იყო, რომელიც ევროპული კომპანიების მიერ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვაზე უკვე შეთანხმებული შეზღუდვების შერბილებას ითხოვდა. 

თუმცა, 23 ივლისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა კომპრომისს მიაღწიეს, ფარგლებშიც შეზღუდვა არ გავრცელდება ისეთ კონტრაქტებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე დაიდო, როცა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა.

კომენტარები