წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

წულუკიანის საგამოძიებო კომისია მუშაობის 5 ივნისამდე გაგრძელებას მოითხოვს

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია მუშაობის 5 ივნისამდე გაგრძელებას მოითხოვს - ამის შესახებ კომისია პარლამენტს მიმართავს. 

როგორც სხდომის თავმჯდომარე, ივანიშვილის წარმომადგენელი თეა წულუკიანი ამბობს, ვადის გახანგრძლივება მათ "დასკვნის სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბებისთვის" სჭირდებათ. 

"ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, როგორც არის საქართველოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა. მითუმეტეს, გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, სულ ახლახან, ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და 2012 წელს თუ ჩერდებოდა იმ საკითხების განხილვის უფლებამოსილება, ახლა დაგვემატა ჩვენ 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს მოითხოვს აუცილებლობას, რომ მინიმუმ 1 თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ ამ დასკვნის სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში და სექტემბრის, ანუ საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში, წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე" - თქვა წულუკიანმა. 

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურას გადაეგზავნება.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ, 8 აპრილს, 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.

ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 7 აპრილს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.

კომენტარები