ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში EU-მ ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც ძალაში ექვს თვეში შევა იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით არ ჩაანაცვლებს.
ტრანზაქციების აკრძალვა ნიშნავს, რომ ევროკავშირის კომპანიებსა და მოქალაქეებს არ შეუძლიათ, პირდაპირ ან ირიბად, შესაბამის კომპანიასთან ბიზნეს ტრანზაქციების წარმოება.
როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ტაბულას განუცხადა, ყულევის ნავთობქარხნის ოპერატორმა ევროკავშირთან გამართული დიალოგის ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ ნედლეულის წყაროების დივერსიფიკაციას მოახდენს და რუსულ ნავთობს ჩაანაცვლებს, თუმცა, მაღალჩინოსნის თქმით, ევროკავშირს "მოქმედებების" ხილვა სურს.
მაღალჩინოსანმა ტაბულასთან განმარტა, რომ თუკი მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბლექ სი პეტროლიუმი, რომელიც ობიექტის მფლობელი და ოპერატორია, "დაპირებებს" არ შეასრულებს, ნავთობქარხნის წინააღმდეგ სანქციები ძალაში შევა.
EU-ს მაღალჩინოსანმა ტაბულას ასევე განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი ევროკავშირისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს, ევროკომისია ევროპის კავშირის საბჭოს მიმართავს წინადადებით, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქცირებულ სუბიექტთა სიიდან ამოიღონ.
აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP) განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა.
კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას "მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის". BSP-ს სტრატეგიული გეგმის თანახმად, კომპანია 2027 წლის პირველ კვარტალში შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის საგზაო ბიტუმის წარმოებას დაიწყებს, ხოლო მეორე კვარტალში საწარმოს საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა გაუჩნდება.
ცნობისთვის, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა SOCAR-ის მიერ მართულ ყულევის პორტთან მდებარეობს. მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა ცნობები, რომ არსებობდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში საქართველოს ყულევის პორტის მოხვედრის ალბათობაც.
მალევე მედიაში გავრცელებულ ცნობებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პორტი სანქციების რეჟიმს არ არღვევს და დაამატა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირსაც მიაწოდეს.
ამ ფონზე გაერთიანებულმა სამეფომ 24 თებერვალს დაასანქცირა გემი, რომელმაც 2025 წლის 2 ოქტომბერს ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა.
მოგვიანებით სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა, მაკა ბოჭორიშვილისადმი მიწერილ წერილში განმარტა, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებით ქართული მხარისა და SOCAR-ის მიერ აღებული "პოზიტიური" ვალდებულებების შემდეგ, ევროკავშირმა პორტი სანქციების სიაში აღარ შეიყვანა.




