აშშ-საქართველო

საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები

აშშ-ს კაპიტოლიუმი
Stephanie Keith/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 216 ხმით 212-ის წინააღმდეგ მიიღო 2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, NDAA, რომელიც საქართველოს შესახებ ორ მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს. კანონპროექტი თავდაცვის სფეროში 1.15 ტრილიონი დოლარის ხარჯვას ითვალისწინებს.

საქართველოს შესახებ პირველი ჩანაწერი უშუალოდ კანონპროექტის ტექსტშია შეტანილი. 1722-ე სექცია, სახელწოდებით "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლა", რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის კანონად ქცევიდან არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორისა და სახელმწიფო მდივნის კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში უნდა წარუდგინოს.

ანგარიშმა უნდა შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევა, ასევე საქართველოში რუსული და ჩინური გავლენებისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთა.

ამავე სექციის მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა 180 დღის ვადაში აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დეტალური ხუთწლიანი სტრატეგია უნდა მოამზადოს. სტრატეგიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ურთიერთობების გაუმჯობესების კონკრეტული მიზნები უნდა განსაზღვროს.

დოკუმენტში ასევე უნდა შეფასდეს:

  • რა ინსტრუმენტები, რესურსები და დაფინანსებაა საჭირო დასახული მიზნების მისაღწევად;
  • უნდა დარჩეს თუ არა საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში აშშ-ს დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად;
  • რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტირება;
  • ინარჩუნებს თუ არა საქართველოს მთავრობა აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების კურსს;
  • უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ს მთავრობამ ქართულ პროექტებში ინვესტიციების ჩადება.


საქართველოსთან დაკავშირებული მეორე ჩანაწერი წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თანმხლებ ანგარიშშია შეტანილი და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.

ტექსტში ნათქვამია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების განგრძობადი დაკავებითა და პატიმრობით, რომლებიც ფართოდ არიან აღიარებულნი პოლიტპატიმრებად.

კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი კონტაქტებისას ეს საკითხი მუდმივად და მაღალ დონეზე უნდა დაისვას.

შესაბამისად, კომიტეტი თავდაცვის მდივანს ავალებს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნება პენტაგონის სტრატეგია საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობებში პოლიტპატიმრების საკითხის გასათვალისწინებლად.

NDAA-ს ეს ვერსია საბოლოო კანონი ჯერ არ არის. სენატმა თავდაცვის აქტის საკუთარი ვერსია უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ორივე პალატის წარმომადგენლები ერთიან, კომპრომისულ ტექსტზე შეთანხმდებიან. საბოლოო ვერსიას ხელახლა უნდა უყარონ კენჭი როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ისე სენატმა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნება კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად
 

კომენტარები