ნიკა მელიას დაკავება

გვარამია: ნიკა მელია დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან

Mzia Saganelidze/RFE/RL

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ მისი თანაგუნდელი, ნიკა მელია რეჟიმის სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. 

"ნიკა დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან.

არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლოს გადაწყვეტილება!" - წერს გვარამია Facebook-ზე. 

ცნობისთვის, ნიკა მელიას წულუკიანის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

"ხელისგულზე დევს ყველაფერი, პროკურატურამ დღეს ტექნიკურად მოიმიზეზა ტრენინგები, გადადეს პროცესი. გამართლდა ჩემი მოლოდინები, ვინაიდან დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა გადიოდა ღამის 12 საათზე, პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა, დღევანდელ პროცესზე მოეთხოვა დაპატიმრება, ეს იყო შეთანხმებული, როგორც ჩანს სასამართლოსთან. [...] არ გაითვალისწინეს დაცვის მხარის თხოვნა, რომ ხვალ არ ჩანიშნულიყო პროცესი და 14:00 საათზე ჩანიშნა, ხვალ დიდი ალბათობით პროკურატურა დააყენებს პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას და რომ არ დაეკარგათ დრო, სასამართლოსთან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული". - თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

მელიას თეა წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ცნობისთვის, 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას გირაო პატიმრობით შეუცვალეს - ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს.

კომენტარები