ენმ-ს ერთ ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, სასამართლო პროცესზე შეასხა. სხდომაზე ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მსჯელობდნენ.
"თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა" - განაცხადა მელიამ პროცესზე და მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა.
აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ მელიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარე კი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა.





