აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ დენ კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა საჰაერო ბრძოლის დროს, პირველად, რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ეს განცხადება კეინმა 21 ივლისს გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი ცოტა ხნის წინ მოხდა.
"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის სამრეწველო ბაზა საკუთარი შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს. ეს მოიცავს ყველაფერს, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო შესაძლებლობებს.
ცოტა ხნის წინ პირველი საჰაერო ბრძოლის მოწმეები გავხდით, რომლის დროსაც უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პარტნიორების მხარდაჭერით, უკრაინამ რამდენიმე დონისგან შემდგარი თავისი თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააძლიერა". - თქვა გენერალმა კეინმა.
ცნობისთვის, 8 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მათმა სამხედრო ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდეს.




