აშშ-საქართველო

ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოცნების მიერ "დიფ სთეითად" გამოცხადებულ რიშს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჯიმ რიში გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI აქტი წარადგინა. აქტი რეჟიმის სანქცირებას მოითხოვს.

წლებია, ჯიმ რიში, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო პოზიციის გამო ქართული ოცნების ლიდერთა თავდასხმის ობიექტია.

ივანიშვილის რეჟიმი მას კონსპიროლოგიური დიფ სთეითის ნაწილად მოიხსენიებს. სხვადასხვა დროს მას ივანიშვილის მაღალჩინოსნები თაღლითად, სიცრუითა და სიყალბით გამორჩეულ სენატორად მოიხსენიებდნენ.

"სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი [უპირატესტობით] გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს!

როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება [აშშ-ს კონსტიტუციის] და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით. 

სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები სენატორი რიშის მიმართ წლებია, კრიტიკულ შეფასებებს არ იშურებენ. 

მაგალითისთვის, გასული წლის სექტემბერში სენატორ რიშს "კულტურის ხარისხი" დაუწუნა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. რიშის მიერ კომიტეტის მოსმენაზე გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ, რომ "ქართველებს ოქტომბერში ექნებათ შესაძლებლობა, თაღლითები მოაშორონ და მომავალი საკუთარ ხელში აიღონ", ივანიშვილის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ "არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში". 

"დღეს ამ ინსტიტუტში, უმნიშვნელოვანეს, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კუტლურის ხარისხის ასეთი მასშტაბის შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი". - თქვა კობახიძემ. 

ამავე კომენტარის საპასუხოდ რიშს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. კალაძემ იმ დროს სენატორს "თაღლითი" და "საქართველოს მტერი" უწოდა. 

"რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი". - თქვა კალაძემ. 

მეტიც, კალაძე იანვარში მეტად უარყოფითად შეხვდა რიშის განცხადებას, რომ ბოლო პერიოდში აშშ საქართველოთი იმედგაცრუებული იყო. სენატორი იმედს გამოთქვამდა, რომ "საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რაც სურს და [საქართველო] გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია". 

"ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით... ქართველმა ხალხმა უთხრა "არა" იმ ბოროტებას, რომელსაც  პატივცემული ქადაგებს. უთხრა "არა" იმ სიყალბეს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი ქადაგებს". - ამბობდა კალაძე. 

სულ რამდენიმე დღის წინ კი, 11 მარტს კალაძემ სენატორ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის მიერ კონგრესში დაინიცირებულ კანონპროექტ MEGOBARI Act-ზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ეს ორი ადამიანი დიფ სთეითს წარმოადგენს, რომელსაც ტრამპი ებრძვის". 

"ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის დიფ სთეითს რაც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ეს სენატორები წარმოადგენენ დიფ სთეითს...

ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი წარმოადგენენ და ემსახურებიან კონკრეტულად დიფ სთეითს. შესაბამისად, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნულ აქტს. როდესაც გამოდიან და აშშ-ის პრეზიდენტს თავს ესხმიან დიფ სთეითთან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხადი და ნათელია". - ამბობდა კალაძე სენატორების შესახებ. 

ცნობისთვის, 10 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ის სენატისეული ვერსია წარადგინეს.

კანონპროექტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 27 მარტს განიხილავს

კომენტარები