აშშ-საქართველო

აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე

Heritage Foundation-ის ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯეიმს კარაფანო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ "სულელური ანტიდასავლური სტრატეგია აირჩია", "აშშ მათ პასუხისმგებლობისგან დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ" და ახლა "ნამდვილი ცვლილებები მოუწევს". 

ამის შესახებ კარაფანო X-ზე ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტის პასუხად წერს.

"1) რუბიოს არ ჰქონია მიზეზი, რომ ტყუილი ეთქვა, 2) როდესაც ქართველებმა იკითხეს, პასუხი უკვე იცოდნენ, ასე რომ, საერთოდ რატომ იკითხეს? 3) იმდენად სულელები იყვნენ, რომ არ იცოდნენ, ეს რომ გაჟონავდა? 4) ეს ხაზს უსვამს საქართველოს პრობლემას, მათ ფსონი წამგებიან ცხენზე დადეს და სულელური ანტიდასავლური სტრატეგია აირჩიეს, აშშ მათ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ და თბილისი ფართხალებს, 5) რეალობა ისაა, რომ თბილისს ნამდვილი ცვლილებები მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკან მოტოვებული დარჩება". - წერს კარაფანო.

ცნობისთვის, Heritage Foundation საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელსაც აშშ-ში კონსერვატიულ მოძრაობაზე გავლენა აქვს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობასა და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორებასაც", ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათ ამერიკული მხარისთვის ასეთი შეკითხვით არ მიუმართავთ. 

"ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ". - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, "აბა იტყუება რაბიო?" - კობახიძემ უპასუხა:

"არა ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას". 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.

კომენტარები