აშშ-საქართველო

საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო

Heritage Foundation-ის ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯეიმს კარაფანო  
   

Heritage Foundation-ის ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯეიმს კარაფანო Independence Avenue Media-სთან საუბრისას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს კომენტარის საპასუხოდ გააკეთა.

Heritage Foundation საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელსაც აშშ-ში კონსერვატიულ მოძრაობაზე გავლენა აქვს.

კარაფანომ საქართველოს მთავრობის პასუხს "სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული" უწოდა.

კარაფანო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს "რეალური შედეგები" აინტერესებს.

"და ეს პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] მხოლოდ შედეგით არის დაინტერესებული. მას არ აინტერესებს ლამაზი სიტყვები. თუ გსურთ Trump Tower-ის აშენება, ეს კარგია, ან ქუჩის ტრამპის სახელის დარქმევა, ეს კარგია, მაგრამ რაც მას სინამდვილეში აინტერესებს არის: სად არის შედეგი? სად არის შედეგი?," - განაცხადა მან.

კარაფანოს თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იყო შიდა უკმაყოფილების შეკავება და შემდეგ, როდესაც ისინი დასავლეთში ევროპელებისა და ამერიკელების მიერ კრიტიკის საგანი გახდნენ, "უბრალოდ მათთან კავშირის გაწყვეტა და რუსეთისა და ჩინეთისკენ უფრო მეტად გადახრა გადაწყვიტეს."

"ასე რომ, დიახ, მთავრობას შეუძლია ხელისუფლება შეინარჩუნოს, რა თქმა უნდა, ამჟამინდელი მდგომარეობით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, უფრო მარგინალური და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. რეალობა კი ისაა, რომ შუა დერეფანში განვითარება ადამიანებს საშუალებას მისცემს, მიიღონ წვდომა შავ ზღვაზე და გადაადგილდნენ საქონელი და მომსახურება საქართველოს გარეშე. და ამას აზრი არ აქვს. ქართველებს კარგი ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანელებთან, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ სომხებთან. დროა, საქართველო რეგიონში სრულფასოვან და პროაქტიულ პარტნიორად გამოჩნდეს და არა ცალკე კუნძულად," - აცხადებს კარაფანო.

Heritage Foundation-ის ექსპერტის თქმით, საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი, სურს თუ არა რეალური თანამშრომლობა აშშ-სთან.

"საქართველოს მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს. სურთ თუ არა მათ სერიოზულად ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან რეალური პარტნიორობის დონეზე? ავიღოთ, მაგალითად, სერბეთი. [სერბები] საქმიანობენ რუსებთან, [სერბები] საქმიანობენ ჩინელებთან, მაგრამ ისინი აგრესიულად ცდილობენ შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას, რადგან ეს მათ ინტერესებშია. და მათ ესმით, რომ ეს უბრალოდ არ არის შეერთებული შტატების მხრიდან ხელის დაქნევა და იმის თქმა, რომ "გააკეთე რაც გინდა." საქმე იმაშია, თუ სად არის დადებითი, კონსტრუქციული შედეგები როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე სერბეთისთვის? ეს არის ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან, ეს არის ჩვენი ურთიერთობა აზერბაიჯანთან," -აღნიშნა მან.

კარაფანოს თქმით, "საქართველოს შეუძლია ან შეუერთდეს ამ გზას, ან დარჩეს იზოლირებული და დამოკიდებული რუსებისა და ჩინელების გულუხვობაზე და პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტებზე."

კარაფონო აღნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველოს მთავრობის უდიდესი შეცდომა დასავლეთთან ურთიერთობისას "აშშ-სთან საერთო ინტერესის საკითხებზე არჩართულობაა."

"მესმის, რატომ იყო ეს პრობლემური წინა მთავრობის [აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის] დროს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ საქართველოს დასჯით, ევროპელებთან გაერთიანებითა და საქართველოს იზოლაციით იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს არ არის ამ ადმინისტრაციის სტრატეგია. ამ ადმინისტრაციის სტრატეგია ჩართულობაა. ასე რომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ ბელარუსთან და სხვა ქვეყნებთანაც," - განაცხადა მან.

თუმცა, კარაფანო ასევე აღნიშნავს, რომ ამ პრობლემების მოგვარება არ არის აშშ-ს პასუხისმგებლობა.

"აშშ არ აპირებს საქართველოს ევედროს, რომ რეალურ საკითხებზე რეალურ პარტნიორად ისაუბროს და თუ მათ უბრალოდ ტრაბახი და სხვა რაღაცები სურთ, კარგი. მაგრამ აშშ არ აპირებს საქართველოს მთავრობის დევნის. თუ მათ სურთ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება, კარგი, რადგან აქ სხვა ვარიანტებიც გვაქვს. სხვა არჩევანიც გვაქვს. მეორეს მხრივ, თუ მათ სურთ საქართველოსთვის მსოფლიოსთან წვდომის გაფართოება და ქვეყანაში მეტი კეთილდღეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოტანა, აშშ საუკეთესო ვარიანტია. ეს, უბრალოდ, ასეთი მარტივია."

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს კობახიძის განცხადებაზე პასუხი არ გაუკეთებია.

"ის, რაც საქართველოს მთავრობამ რუბიოს განცხადების საპასუხოდ თქვა, სრულიად უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მთავრობას ამაზე რეაქცია, ფაქტობრივად, არ ჰქონია. არა? ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვართ დაინტერესებული ურთიერთობების ნგრევით და თუ მათ მთელი დღე ამპარტავნება და ქედმაღლობა სურთ, კარგი, კარგ დღეს გისურვებთ," - აღნიშნა კარაფანომ.

კარაფანომ ასევე ისაუბრა თავის პირად სურვილზე, ​​რომ შუა დერეფანი იყოს "უზარმაზარი წარმატება." მისი თქმით, ის "დიდი სიამოვნებით" იხილავს საქართველოს დერეფნის განვითარებაში "უფრო ძლიერი კონტრიბუტორად."

"რა სარგებელი მოაქვს აშშ-სთვის? მოდით, ვიყოთ გულახდილები. რაც უფრო მეტ სივრცე არსებობს, სადაც რუსები, ჩინელები და ირანელები არ ერევიან, მით უფრო მარტივი იქნება ეს აშშ-სთვის, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის გლობალური წვდომის მოპოვება და მით უფრო ადვილი იქნება მეგობრებთან და პარტნიორებთან მუშაობა," - განაცხადა მან.

ამას გარდა, კარაფანომ განიხილა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა.

"იცით, ეს ამერიკის პრობლემა არ არის. ეს საქართველოს პრობლემაა. უპირველეს ყოვლისა, ჩინელები საქართველოთი დიდად არ არიან დაინტერესებულნი. ისინი დიდად არ არიან დაინტერესებულნი დიდი ფულის ფლანგვით. და ისინი იქ მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ეს ადვილია. თითქოს ქვეყნის სულს ყიდი მცირე ფულზე, რომ რეალურად არაფერი მოიგო. საბოლოო ჯამში, ჩინელები საქართველოსთვის არაფერს გააკეთებენ. მათ უკრაინის ომში რუსებს არ დაუჭირეს მხარი. მათ ირანელებს არ დაუჭირეს მხარი ირანის ომში. მათ არავის არ დაუჭირეს მხარი. ამიტომ, სანამ საქართველოში მარტივი ფული და გავლენაა, ჩინელები ამაზე იზრუნებენ," - თქვა მან.

მისივე თქმით, აშშ არ აინტერესებს, ურთიერთობს თუ არა საქართველო ჩინეთთან, რადგან ეს საქართველოს მოსაგვარებელი საკითხია.

"ვასალურ სახელმწიფოდ მოგექცევიან და სულ უფრო მეტად ასე. საქმე იმაშია, რომ ეს აშშ-ს საპირწონე არ არის. აშშ-ს ეს არ აინტერესებს. თუ საქართველოს ჩინეთისა და რუსეთის ჩრდილში დარჩენა სურს, კარგ დღეს გისურვებთ. ჩვენ საქართველოს გამო არ ვაპირებთ ჩხუბს. ამიტომ ჩვენი შეურაცხყოფა ან ჩინელების წინაშე თავის დახრა [არ იმუშავებს]," - განაცხადა კარაფანომ.

კარაფანომ ასევე ისაუბრა ქართული ოცნების მცდელობებზე, დაუახლოვდეს ტრამპის ადმინისტრაციას, მათ შორის "დიფ-სთეითის" ტერმინოლოგიის გამოყენებით. 

"პირველ რიგში, ეს ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია და ამ ადმინისტრაციისთვის უმნიშვნელოა, როდესაც საქმე რეალურად მთავრობათაშორის ურთიერთობებს ეხება, რომლებიც პრაგმატიზმს ეხება.[...] და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ან მთავრობის სრულ უმწიფრობასა და იზოლირებულობაზე მიუთითებს, ან, იმაზე, რომ მათ არ ესმით, როგორ მუშაობს სამყარო და როგორ მუშაობს შეერთებული შტატები. ან, იცით, შეიძლება ცუდი ლობისტები ჰყავდათ. არ ვიცი, მაგრამ ეს იყო სტრატეგია, რომელიც აბსოლუტურად განწირული იყო წარუმატებლობისთვის," - აღნიშნა კარაფანომ.

მისი თქმით, ტრამპს აინტერესებს მხოლოდ მდგრადი თანამშრომლობა და არა ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს.

"თუ დააკვირდებით აშშ-სთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, ეს არ არის ის ხალხი, ვინც დონალდ ტრამპზე კარგ რაღაცეებს ​​ამბობს. ეს არის ის ხალხი, ვინც დონალდ ტრამპთან ურთიერთობს. ის ხალხი, ვინც მოლაპარაკებებს აწყობს და აშშ-სთან პარტნიორობას ამყარებს. ესენი არიან ის ადამიანები. არა ის ადამიანები, რომლებიც წერილებს წერენ, როგორიცაა: "ჩვენც გვძულს დიფ-სთეითი". დონალდ ტრამპს ეს არ აინტერესებს. თქვენ ვერაფერს იზამთ დიფ სთეითთან დაკავშირებით. იცით, ჩვენ არ გვჭირდება ის ადამიანები, რომლებიც MAGA-ს მაისურებსა და ქუდებს ატარებენ. ჩვენ გვჭირდება ის ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან იმუშავებენ. სწორედ ამას ვეძებთ," - განაცხადა მან.

კარაფანომ ისაუბრა დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე და განმარტა, აქვს თუ არა აშშ-ს როლი ამის მოგვარებაში.

"მაგალითად, ბელარუსში დისიდენტები გავათავისუფლეთ ციხიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებიც. ეს საუბრის არასასიამოვნო ნაწილია, მაგრამ არ არის იგნორირებული. და კიდევ ერთხელ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ დემოკრატიას ვუჭერთ მხარს ან [ვამბობთ, რომ] თქვენც ჩვენსავით უნდა იყოთ. ეს უბრალოდ არ არის ჯანსაღი ურთიერთობაში. ვგულისხმობ, რომ ამ საკითხს ჩინეთთან ვაყენებთ. ეს არ არის ჯანსაღი, თუ გყავთ ბიზნესები, რომლებიც მონურ შრომას იყენებენ. არავის სურს [ასეთი] პროდუქცია და ამაზე ეკონომიკის მართვა შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს ორივე მხარისთვის კარგია," - თქვა მან.

თუმცა, ამას გარდა, კარაფანომ ასევე მიმართა საქართველოს ოპოზიციას.

"ამგვარად, არარეალურია, სთხოვო შეერთებულ შტატებს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია და არც აპირებ. თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ: "კარგი, უბრალოდ უნდა მიხვიდე და უთხრა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და მასზე ზეწოლა მოახდინო," ჩვენ ამას არ ვაპირებთ. და არ ვაპირებთ დისიდენტების დაფინანსებას, რათა ჩაატარონ კონფერენციები, ირბინონ და რეალურად ვერაფერს მიაღწიონ," - აღნიშნა კარაფანომ.

"ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ არავის პრობლემების მოგვარებას. ჩვენ არ ვაპირებთ მთავრობასთან მისვლას და იმის თქმას, რომ "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიომ უგულებელყოს თქვენი ყველა შიდა პრობლემა." და ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციასთან მისვლას და იმის თქმას, რომ "ჩვენ მოვაგვარებთ თქვენს ყველა საჩივარს, საკითხსა და პრობლემას." ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი მხარის გახარებას. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს პრაგმატული საქციელია შეერთებული შტატებისთვის. ჩვენი საქმე არ არის საქართველოში დემოკრატიის აშენება. ასევე ჩვენი საქმე არ არის იმ საკითხების იგნორირება, რომლებიც ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს და საქართველოს, როგორც ჩვენი პარტნიორის, წარმატებას. ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ," - განაცხადა მან.

კარაფანომ ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონში, რომელიც, მისი თქმით, "აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის წარმატების გამო ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა."

"ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო სულაც არ არის ისეთი კრიტიკული ფიგურა, როგორიც ორი წლის წინ იყო, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. თუმცა, ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა თუ არა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერდით," - თქვა მან.

კარაფანოს თქმით, აშშ-ს ყურადღების მიქცევის გზა არის პროაქტიული მოქმედება და თუ ეს საქართველოს მთავრობამ არ იცის, ისინი "იდიოტები არიან."

"თუ საქართველოს მთავრობამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან. და თუ ისინი ამის შესაბამისად არ იმოქმედებენ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ სურთ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. პასუხი კი ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ გვერდს ავუვლით მათ. იცით, ჩვენ უკვე გვაქვს ჯორჯია. ეს არის შტატი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ჯორჯია ჩვენს ფლორიდასა და ალაბამას შორის. ჩვენ გვინდა პარტნიორი. და თუ ის პარტნიორი არ არის, მაშინ ეს უბრალოდ ქვეყანაა, რომელსაც ჩვენ გვერდით ჩავუვლით," - განაცხადა კარაფანომ.

კარაფანომ განაცხადა, რომ ერთადერთი გზა, რომ საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობები აღადგინოს და ბიძინა ივანიშვილს სანქციები მოეხსნას, არის რომ მთავრობამ აშშ-ს "რეალური შედეგები" შესთავაზოს.

"ამისთვის საქართველოს მთავრობას რეალური პაკეტის წარდგენა დასჭირდება, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს. სწორედ ეს არის საჭირო. აშშ არასდროს აპირებს სანქციების მოხსნას მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლის დაპირების გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ მას [პრეზიდენტ ტრამპს] სასიამოვნო წერილს გაუგზავნიან. ბურთი [საქართველოს] მთავრობის მოედანზეა. ეს უნდა იყოს თბილისის ინიციატივა, რათა ეს საქმე წინ წაიწიოს."

 

კომენტარები