ლელო-ძლიერი საქართველო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს გამოეხმაურა. განცხადება კოალიციის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.
"ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ აშშ-ს კონგრესისგან კიდევ ერთი, ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო [...] ეს მკაფიო დასტურია, რომ აშშ საქართველოს მიმართ საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს აღრმავებს და ამავე დროს, აცნობიერებს, რომ ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში საქართველო მტრულ რეჟიმთა პლაცდარმი და პოლიგონი გახდა. რეჟიმის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ისინი აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებდნენ, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი აშშ-ს მიერ ფართოდ აღიქმება როგორც უსაფრთხოების რისკების წყარო [...]
ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ დაინტერესებულია შუა დერეფნისა და ანაკლიის პორტის განვითარებით, საქართველოს ჩართვით ტრამპის მარშრუტში, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებითა და რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით". - თქვა გეგელიამ.
8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს," რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება.
გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, რომელიც შეაფასებს ორმხრივ კავშირებს, აშშ-ს დაფინანსებას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოსა და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.





