"ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს" - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციაზე ადამიანების დაკავებას აფასებს. იოსელიანმა იზოლატორში დაკავებულები მოინახულა.
"უმრავლესობა ამ ადამიანებისა, ორის გარდა, ფაქტობრივად, ყველა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ეს უბრალოდ მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.
პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არ გადაამეტონ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა" - თქვა იოსელიანმა.
აქციაზე შინაგან სამქეთა სამინისტრომ მხოლოდ გუშინ 107 ადამიანი დააკავა.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.
საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".
რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმი მომიტინგეები ისევ დაარბია.





