ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ქართული ოცნების ოფისებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მოქალაქეები თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს 2028 წლამდე "დღის წესრიგში" არ დააყენებს.
ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშიკო მუმლაძე დააკავა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვის ფონზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა EU-სთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ასევე, ქართული ოცნების განცხადებით, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ "ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".
მმართველი გუნდის განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ წაიკითხა. მისი მტკიცებით, 2030 წლისთვის საქართველო "ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად" ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
კობახიძე ირწმუნება, რომ "საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო".