ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს: დაშავდა 10 სამართალდამცველი, დავაკავეთ აქციის 107 მონაწილე

28-29 ნოემბრის საპროტესტო აქცია თბილისში
Unian.ua

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული წესით 107 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, გასულ ღამეს "აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად" დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

 არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერებში. არაერთი მოწოდების მიუხედავად შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი" - აცხადებს შსს.


ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა

ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა. 

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. 

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა. 

ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა

შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები. დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. დააკავეს 43 მომიტინგე.

საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე მომიტინგეებს, "თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ".

რუსთაველზე მრავალრიცხოვანი აქცია 29 ნოემბერსაც გაიმართა. სპეცრაზმი მომიტინგეები ისევ დაარბია.

კომენტარები