რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ომის დანაშაულები უკრაინაში

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ომის დანაშაულები უკრაინაში

ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტად იქცა.

რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიებზე მოჰყვა ათიათასობით ადამიანის სიკვდილი, ინფრასტრუქტურის განადგურება, ჰუმანიტარული პირობების გაუარესება. უკრაინელებს მოუწიათ ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილება. მოსახლეობის დიდი ნაწილი, უმეტესად ქალები და ბავშვები, თავშესაფრის საძიებლად ევროპის ქვეყნებში გადავიდა. ბევრი მათგანი უკრაინაში მალევე დაბრუნდა, თუმცა, ევროპული საბჭოს ნოემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ დრომდე რჩება 4.2 მილიონზე მეტი უკრაინელი.

ქვეყანაში ნგრევა და ადამიანური დანაკარგი დიდწილად გამოწვეულია რუსების მიერ საომარი წესების უხეში დარღვევით. უკრაინაში მიმდინარე ომის დანაშაულების გამოსაძიებლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის დასკვნით, მსგავსი ფაქტების "აბსოლუტური უმრავლესობა" რუსული მხარის ჩადენილია.

უკრაინაში რუსების ომის დანაშაულები მოიცავს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პირდაპირ აგრესიასა და მათ დაკავებას, ფილტრაციის ბანაკების შექმნას, სექსუალურ ძალადობას, ბავშვების გატაცებას, ომის ტყვეების არასათანადო მოპყრობას, სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების მიტანასა და მრავალ სხვას. უკრაინული მხარის თქმით, მათ მსგავსი დანაშაულების 109 000 მტკიცებულება აქვთ.

მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მოპყრობა

პოლიციელები ბუჩაში ნაპოვნი გვამების მორგში გადასვენებამდე დაღუპულთა ამოცნობაზე მუშაობენ, 2022 წლის 6 აპრილი
Bob Edme/AP

2022 წლის 31 მარტს უკრაინელებმა კიევის ოლქის შემადგენლობაში მყოფი პატარა ქალაქი ბუჩა გაათავისუფლეს. რუსი ოკუპანტების გაძევების სიხარული მალევე ჩაანაცვლა ეროვნულმა გლოვამ - 1 აპრილიდან ქალაქის ტერიტორიაზე 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ბევრი მათგანი ნაწამები იყო. გვამები ან მკვლელობის ადგილას იყო დატოვებული, ან საერთო სამარხებში ჩაფლული.

კიევის რეგიონის სრულად გათავისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის გაგრძელებასთან ერთად დადგინდა, რომ რუსებმა ბუჩასა და მიმდებარე მცირე ზომის დასახლებებში, საერთო ჯამში, 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. როგორც 2022 წლის 16 მაისს BBC-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, დაახლოებით 650 ადამიანი დახვრეტილი იყო - ისინი სიკვდილით დასაჯეს.

მალევე გავრცელდა სათვალთვალო ჩანაწერების კადრები, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ასახავს. სწორედ ამ კადრებსა და სხვა ვიზუალურ მასალებზე დაყრდნობით დაადგინა the New York Times-ის გამოძიებამ, რომ ბუჩას იაბლუნსკას ქუჩაზე, სადაც ათობით სამოქალაქო პირის ცხედარი იპოვეს, მკვლელობები რუსეთის საჰაერო თავდასხმის 234-ე პოლკის მედესანტეებმა ჩაიდინეს და მათ ვიცე-პოლკოვნიკი არტიომ გოროდილოვი ხელმძღვანელობდა.

ბუჩას გათავისუფლებასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ შორის, ბავშვებზე რუსი სამხედროები სექსუალურადაც სისტემატურად ძალადობდნენ. ხშირი იყო ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა და ძალადობის შემდეგ მსხვერპლის მოკვლაც.

ომის დანაშაულების კვალი იპოვეს მოგვიანებით გათავისუფლებულ რეგიონებში - იზიუმში ხარკოვსა და ხერსონშიც. იზიუმში რამდენიმე "სასაფლაო" იპოვეს, ერთ-ერთ მათგანში 440-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს. მალევე გამომჟღავნდა რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. ფილტრაციის ბანაკების მოწყობა, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფით კითხავენ და ზოგჯერ აწამებენ კიდევაც მათ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მსგავსი ბანაკების ქსელის ძირითადი მისია ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ან რუსეთში დეპორტაციის ეფექტური კონტროლია.

რუსების მიერ ჩადენილი ომის კიდევ ერთი დანაშაულის თვალსაჩინო მაგალითია მარიუპოლის თეატრის დაბომბვა. შენობაზე, რომელშიც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე - ქალები, ბავშვები და მოხუცები - აფარებდა თავს, რუსებმა 2022 წლის 16 მარტს, სავარაუდოდ, 500-კილოგრამიანი ბომბებით მიიტანეს იერიში. შედეგად 600 ადამიანზე მეტი დაიღუპა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა "აშკარა ომის დანაშაული" უწოდა.

მარიუპოლის ტრაგედიიდან მალევე, 2022 წლის 8 აპრილს რუსებმა დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინიდან ევაკუაციის ცენტრი იყო. დაიღუპა 63 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი. დაშავდა 150-ზე მეტი.

2023 წლის 5 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად განადგურდა კაფე, რომელშიც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ჯამში დაბომბვას 55 მშვიდობიანი მოქალაქე, სოფლის ყოველი მეექვსე მაცხოვრებელი ემსხვერპლა. სოფელ გროზაში სულ 330 ადამიანი ცხოვრობდა.

აშშ-ს კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში რუსი სამხედროები სისასტიკეებს თვითნებურად სჩადიოდნენ, უმეტეს შემთხვევაში, რეპრესიებისა და ლიკვიდაციის მიზნით, ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემურ და კოორდინირებულ ოპერაციებს ატარებდნენ და ამ ოპერაციებს რუსეთის უმაღლესი დონის პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება ზედამხედველობს.

ბავშვების გატაცება

რუსების მიერ დეპორტირებული 13 წლის ბოგდანი უკრაინაში დაბრუნებისას დედას, ირინას შეხვდა, 2023 წლის 8 აპრილი
EMRE CAYLAK PHOTOS FOR FOREIGN POLICY

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთს უკრაინელი ბავშვები თავის ტერიტორიაზე გადაჰყავდა, სადაც მათ ხშირად რუსულ ოჯახებში აშვილებდნენ, პირველად 2022 წლის გაზაფხულზე გავრცელდა.

2022 წლის ივლისში აშშ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთს უკვე 260 000 ბავშვი ჰყავდა დეპორტირებული. მოსკოვის მტკიცებით, მათი უკრაინიდან რუსეთში გადაყვანა ობლებისა და მიტოვებული ბავშვების დაცვას ისახავს მიზნად.

2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

1 აგვისტოს ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში 700 000 ბავშვი გაიყვანეს. ივლისის დასაწყისში იგივე ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმაც, რომლის თქმითაც, უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან რუსეთში 700 000 ბავშვი გაიყვანეს.

კიევი საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად მუშაობს უკრაინელი ბავშვების სახლში დაბრუნებაზე.

სამხედრო ტყვეების უფლებების დარღვევა

რუსეთი სავარაუდო ომის დანაშაულებს უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგაც სჩადის. 2022 წლის თებერვლიდან გავრცელდა სხვადასხვა ვიდეომასალაც, რა სისასტიკით ეპყრობიან ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებს.

2022 წლის ივლისში გავრცელდა კადრები, რომლებშიც რუსი სამხედროები ხელშეკრულ უკრაინელ სამხედროს საკანცელარიო დანით კასტრაციას უტარებდნენ. მძიმე ვიდეოს მეორე ნაწილში დატყვევებულ სამხედროს, რომელსაც სხეულის მოჭრილი ნაწილი პირში ჩაუტენეს, რუსები თავში ესროდნენ და წინასწარ გათხრილ ორმოში აგდებდნენ. ამის შემდეგ, 2023 წლის აპრილში გავრცელდა კიდევ ერთი მძიმე კადრები, რომლებშიც რუსი სამხედროები დატყვევებულ უკრაინელს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თავს დანით აჭრიდნენ.

2023 წლის 19 ივნისს The Times-ი წერდა, რომ ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს კასტრაციას უტარებდნენ. ფაქტის დასადასტურებლად გამოცემამ 25 და 28 წლის სამხედროების ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც ამ სისასტიკის მსხვერპლები იყვნენ და თვითმკვლელობაზე ფიქრების დასაძლევად ფსიქოლოგებთან მუშაობდნენ.

2023 წლის მარტში გავრცელდა ომის სავარაუდო დანაშაულის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო. კადრებში ჩანს შეუიარაღებელი სამხედრო და ისმის ხმა: "გადაუღეთ". მამაკაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ამბობს: "დიდება უკრაინას", რის შემდეგაც მას რამდენიმე მხრიდან ცეცხლს უხსნიან და კლავენ. მოგვიანებით დადგინდა, რომ უკრაინელი სამხედრო ჩერნიგოვის რეგიონის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი, ოლექსანდრ მაციევსკია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხედროს დახვრეტის კადრებზე გამოძიება დაიწყო.

კახოვკის ჰესის აფეთქება

ხერსონის რეგიონში კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად დატბორილი უკრაინული ქალაქი ოლეშკი
AP Photo/picture alliance

რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, ენერგეტიკულ ობიექტებზე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და Amnesty International-ის მიერ შეფასებულია, როგორც შესაძლო ომის დანაშაულები.

რუსეთი უკრაინულ მხარეს მუდმივი ტერორის ქვეშ ამყოფებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებითაც. მაგალითისთვის, 2023 წლის 25 ივლისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. რუსულმა მხარემ აღნიშნული დაადასტურა. ვენაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, მიხაილ ულიანოვის მტკიცებით, ნაღმები ობიექტის დივერსიისგან დასაცავადაა საჭირო.

ომის ამ ეტაპზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით გამოწვეული კატასტროფის ყველაზე კარგი მაგალითი კახოვკის ჰესის აფეთქებაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლექსანდრ პროკუდინმა 2023 წლის 6 ივნისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას მალევე მოჰყვა უზარმაზარი ფართობის ტერიტორიის დატბორვა. დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, თუმცა, უკრაინის თქმით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ ასობით მოსახლე დაიღუპა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უარი თქვეს იმ პირების ევაკუაციაზე, ვისაც რუსული პასპორტი არ ჰქონდა. სამხრეთ ხერსონის ქალაქ ოლეშკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, გაჩნდა საფრთხე, რომ ხორბლის მოსავლის მისაღებად სამ კრიტიკულ რეგიონს წყალმომარაგება შეუწყდებოდა, საფრთხე შეექმნა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილების სისტემასაც, რომელიც წყალს კახოვკის წყალსაცავიდან იღებდა.

უკრაინულმა მხარემ პროცესს მალევე უწოდა "გლობალური ეკოლოგიური კატასტროფა". 8 ივნისს თავად უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დაიტბორა 50 000 ჰექტარი ტყე, რის შედეგადაც 20 000-მდე ცხოველი და 10 000-მდე ფრინველი სიკვდილის საფრთხის წინაშე დადგა.

აკრძალული იარაღის გამოყენება

2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის კასეტური იარაღი არაერთხელ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იარაღის ამკრძალავ კონვენციას არც რუსეთი და არც უკრაინა არ შეერთებიან, კასეტური იარაღით სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება და სავარაუდო ომის დანაშაულია.

ამასთან, უკრაინის თქმით, რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან აკრძალულ ქიმიურ იარაღს მუდმივად იყენებს. გასული წლის 23 დეკემბერს კი ომის კვლევის ინსტიტუტმა მოხსენებაში დაწერა, რომ რუსეთის საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა, სავარაუდოდ, დაადასტურეს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება სოფელ კრინკიში.

რეაგირება რუსეთის ომის დანაშაულებზე

ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეების დაგმობასთან ერთად როგორც კიევმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა და საპროკურორო სისტემებმა, რეგიონულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულების გამოძიება, დოკუმენტირება, მტკიცებულებების მოგროვება და სა სავარაუდო დამნაშავეთა პოტენციური დევნისთვის მომზადება დაიწყო.

უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების ათიათასობით ფაქტს იძიებს. საქმეები უკვე უკრაინულ სასამართლოებშიც შევიდა და რამდენიმე მათგანზე განაჩენიც გამოცხადდა. უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს, სულ მცირე, 20 სხვა სახელმწიფოს ეროვნული მართლმსაჯულების სისტემები იძიებენ. მაგალითისთვის, 7 დეკემბერს აშშ-მ უკრაინაში მცხოვრები ამერიკის მოქალაქის გატაცებისა და წამებისთვის 4 რუს სამხედროს ბრალი წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სადამფუძნებლო ხელშეკრულების ხელმომწერი არ არის, კიევმა ICC ქვეყანაში არსებული ვითარების შესასწავლად მაინც დაუშვა და მასთან თანამშრომლობით სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული სისასტიკის ყველაზე მძიმე შემთხვევების გამოძიებაზე მუშაობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიცა პუტინის დაკავების ორდერიც.

ომის სავარაუდო დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოძიება ჩაატარა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო). დადგინდა, რომ რუსულმა ძალებმა სამხედრო მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები ჩაიდინეს.

გამოძიება ჩაატარა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაარსებულმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამაც, რომელმაც ასევე მოიპოვა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების მტკიცებულებები. თუმცა, რუსეთის ვეტოს გამო, უმოქმედო აღმოჩნდა გაეროს უშიშროების საბჭო, რომელმაც ვერ დაგმო უკრაინაში შეჭრა.

უკრაინამ სარჩელი შეიტანა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც. კიევს სურს დაამტკიცოს, რომ რუსეთმა დაარღვია გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენცია. მოსკოვის მიერ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ უფლებების დარღვევისთვის კიევმა სარჩელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

ოფიციალური კიევი, ისევე, როგორც ბევრი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი, საერთაშორისო თანამეგობრობისგან უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთსა და რუს მაღალჩინოსნებზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნასაც ითხოვენ.

კომენტარები