რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა უარი თქვეს დატბორილი რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, ასობით პირი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ ასობით მოსახლე დაიღუპა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უარი თქვეს იმ პირების ევაკუაციაზე, ვისაც რუსული პასპორტი არ ჰქონდა. 

წინასწარი მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად სამხრეთ ხერსონის ქალაქ ოლეშკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

"საერთაშორისო სამართლისა და ყველა ადამიანური ნორმის დარღვევით, რუსებმა ადგილობრივი მოსახლეობა სასიკვდილოდ გაწირეს. რუსების მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობასთან მოპყრობაში გენოციდის ყველა ნიშანი იკვეთება და ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო უკრაინელების წინააღმდეგ ძალადობაში, სამართლებრივად აგებს პასუხს". - წერს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი Telegram-ზე. 

მანამდე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხერსონის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკომ თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი კახოვკის ჰესის აფეთების შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა.

"ყველაზე რთული სიტუაცია ახლა ოლეშკშია. ქალაქი თითქმის მთლიანად დატბორილია" - თქვა ალექსეენკომ.

ალექსეენკოს თქმით, ოლეშკიდან ხალხის ევაკუაციისთვის "სპეციალური მანქანები" იყო საჭირო. ზოგიერთი მათგანი ყირიმიდან ჩამოიყვანეს.

"კომუნიკაციის პრობლემები ასევე ართულებს სიტუაციას." - თქვა კრემლის მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირმა.

ალექსეენკოს თქმით, ხალხის ევაკუირებისთვის ოკუპირებული ხერსონის ოლქის სანაპირო რაიონებში 100-ზე მეტი ავტობუსი გაიგზავნა.


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები