ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ე.წ საბოტაჟის საქმეზე რეჟიმის სატელიტი პარტიის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები გამოიკითხნენ.
ფურცელაძის თქმით, ამ საქმეზე მტრულ ძალად "მიაჩნიათ აშშ", ხოლო პარტიის ლიდერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ "ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრეები" არიან ურსულა ფონდერლაიენი, კაია კალასი და მარტა კოსი.
"ბრალდების მხარეს დაწყებული აქვს გამოძიება და აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს 319-ე მუხლით, ანუ უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ამ მტრულ ძალად და სახელმწიფოდ მიაჩნიათ ამერიკის შეერთებული შტატები.
ეს ფაქტი დაადასტურა სამმა მოწმემ, რომელიც სასამართლოში იკითხებოდა დღეის მდგომარეობით, მათ შორის, მათ სახელობით ჩამოთვალეს ის ადამიანები, საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მიაჩნიათ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად, დანაშაულებრივი ქსელის წევრებად, მათ შორის, ერთ-ერთმა მათგანმა, ბატონმა ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახლდათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და როგორც მან ითხოვა და მთხოვა პირადად, რომ არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში - ქალბატონი მარტა კოსი.
მას მიაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან საერთაშორისოდ დანაშაულებრივი აგენტურული ქსელის წევრები, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ანტიქართულ მოქმედებაში და ამაში ხელს უწყობდნენ ადგილობრივი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
სასამართლოს წინაშე გამოკითხულია სამი მოწმე და ესენი არ გახლავთ რიგითი მოწმეები, ისინი არიან განმცხადებლები, ვისი განცხადებების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ისინი ამბობენ, რომ ამ სისხლის სამართლის დანაშაულში, თუ საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია და მონაწილეები არიან კაია კალასი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მარტა კოსი და კელი დეგნანი, ასევე ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად ისინი მიიჩნევენ CIA-ის, როგორც ერთ-ერთ მონაწილე ორგანიზაციას." - თქვა ფურცელაძემ ე.წ საბოტაჟის საქმის პროცესის შემდეგ მედიასთან.
ცნობისთვის, 2025 წლის 6 ნოემბერს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
10 თებერვალს, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ რომ ბრალის დადგენილებაში ნათქვამი არ არის, რომელი მტკიცებულება ვის ეხება.




