რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ 4 რუს სამხედროს უკრაინაში ამერიკის მოქალაქის წამებისთვის ბრალი წარუდგინა

GETTY IMAGES

აშშ-ში 4 რუს სამხედროს უკრაინაში მცხოვრები ამერიკის მოქალაქის გატაცებისა და წამებისთვის ბრალი წარედგინათ.

ამერიკელი პროკურორების თქმით, აშშ-ს მოქალაქე უკრაინაში 2021 წლიდან ცხოვრობდა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მათივე ინფორმაციით, ის რუსმა სამხედროებმა 2022 წლის აპრილში გაიტაცეს და 10 დღით ჰყავდათ დატყვევებული. ამ დროის განმავლობაში ამერიკის მოქალაქე წამების სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ცემისა და სიკვდილით დასჯის ინსცენირებების მსხვერპლი გახდა.

ბრალდებულები არიან მეთაურები, სურენ სეირანოვიჩ მკრტიჩიანი და დიმიტრი ბუდნიკი და შედარებით დაბალი რანგის ჯარისკაცები, ვალერი და ნაზარი, რომელთა გვარებიც, სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, უცნობია.

"იუსტიციის დეპარტამენტს და ამერიკელ ხალხს გრძელვადიანი მეხსიერება აქვთ. ჩვენ არ დავივიწყებთ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეებს. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ მუშაობას პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად". - თქვა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მ ბრალი ომის დანაშაულების შესახებ კანონის შესაბამისად წარადგინა.

კომენტარები