3+3 ფორმატი

ლავროვი: 3+3 ფორმატის ინიციატივა გარკვეულ ფორმას იღებს და უფრო იმედისმომცემი ხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდოეთში, ახალ დელიში, G20-ის სამიტზე, 2023 წლის 10 სექტემბერი.
Reuters

5 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებებისას განაცხადა, რომ რეგიონული პლატფორმა "3+3" თანდათან ფორმას იღებს და დღითიდღე უფრო იმედისმომცემი ხდება.

"უკვე იღებს ნაყოფს ილჰამ ალიევის 3+3-ის ინიციატივა ე.წ. რეგიონული პლატფორმა 3+3-ის ფორმირებასთან დაკავშირებით - სამი სამხრეთკავკასიური ქვეყანა და მათი სამი მეზობელი. ეს პერსპექტიული ფორმატია." - თქვა ლავროვმა.

ამ წლის ოქტომბერში "3+3" ფორმატში მონაწილე სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ფორმატში მონაწილეობისთვის "საქართველოს კარი ღიაა".


3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირველი შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სხდომა შესაძლოა თურქეთში ჩატარებულიყო. რუსულ მედიასთან ისაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და თქვა, რომ 3+3-ის მომდევნო შეხვედრის ჩატარებას თურქეთში ელოდნენ და იმედოვნებდნენ საქართველოს მხარის ჩართვასაც.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

2022 წლის იანვარში კი სერგეი ლავროვმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მოხარული იქნება თუ 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრა საქართველოს მონაწილეობით გაიმართება.

კომენტარები