3+3 ფორმატი

"3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება" – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 3+3 ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება და თბილისის ჩართულობით დანარჩენი 5 ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან.

"საქართველოს წარმოამდგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ დაპატიჟებული, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს", – წერია განცხადებაში.

3+3-ის ფორმატის პირველი შეხვედრა დღეს, 10 დეკემბერს რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეებს შორის მოსკოვში ჩატარდა.

"ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება, პლატფორმის მუშაობაში ჩაერთოს საქართველო, რომლისთვისაც "კარი" ღია რჩება", – წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმები, სამომავლოდ პროფილური სამინისტროებისა და უწყებების შესაძლო ჩართვისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხლეს რეგიონში თანამშრომლობის საკითხები. შეეხნენ ნდობის გაზრდის გზებს, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებში ურთიერთქმედებას, საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ საერთო ქმედებას. 

ქართულმა მხარემ 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრის წინა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი", – ამბობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

კომენტარები