"კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის" დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი, რომლის ანტიდასავლურ ნარატივებსაც სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ხშირად ციტირებს, ვლადიმირ პუტინის მასპინძლობით სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს (SPIEF) დაესწრო და 5 ივნისს "პლატფორმა 3+3-ის" შესახებ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში საქართველოდან ჩასულ "ექსპერტად" იყო წარმოდგენილი.
მოგვიანებით რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, Sputnik-მა მეტრეველთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია გარშემო მიმდინარე მოვლენების უგულებელყოფა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ "3+3" ფორმატში მონაწილეობის მიღებაზე უარი წელსაც განაცხადა. მეტრეველის თქმით, საქართველოს ესაჭიროება, რომ ახლოდან დააკვირდეს მოვლენების განვითარებას და ქვეყანამ ფორმატთან მიმართებით გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.
ცნობისთვის, 3+3 ექვსმხრივი პლატფორმაა, რომელიც ორი "სამეულის" შეხვედრას გულისხმობს. მასში მოიაზრებიან აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი, ირანი, თურქეთი. პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
თავის მხრივ, მეტრეველმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში საკუთარ თავს წარმოადგენდა: "რაც ვისაუბრე, არის პირადად ჩემი მოსაზრება," აღნიშნა მან და დაამატა, რომ მას SPIEF-ის საორგანიზაციო ჯგუფი დაუკავშირდა და "საექსპერტო შეხვედრაში" მონაწილეობის მიღება შესთავაზა.
ფორუმზე ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად მომხსენებლებს შორის იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინიც. ამასთან, ღონისძიება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული "გორჩაკოვის ფონდის" მხარდაჭერით ჩატარდა. აღნიშნული ფონი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.
ფონდი რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიიჩნევა. მისი წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საინფორმაციო რესურსების სფეროებში. წესდებაში ასევე მითითებულია, რომ ფონდი ხელს უწყობს საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის პოპულარიზაციას. ამ მიზნებისთვის ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს როგორც რუსულ, ისე უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.




