3+3 ფორმატი

საგარეო: 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშის აღმართვა მიუღებელია

3+3 ფორმატის შეხვედრა მოსკოვში, 2021 წელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშის აღმართვას გამოეხმაურა. უწყების თანახმად, ეს მიუღებელია და ქართულ მხარეს ჰქონდა შესაბამისი რეაგირება.

"ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება" – ნათქვამია საგრეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ 3+3 ფორმატში გამართულ პირველ შეხვედრას ქართული წარმომადგენლობა არ ესწრებოდა, სხდომაზე საქართველოს დროშა მაინც იყო აღმართული. ქართულმა მხარემ 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრის წინა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მ.წ. 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი", – ამბობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები